კვლევითი მოღვაწეობის შესახებ 2019-12-09T15:21:50+00:00

     საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ა.წ. 28 ოქტომბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით გაიმართა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და ფაკულტეტების მიერ 2018 – 2019 წწ. შესრულებული სამეცნიერო სამუშაოების ანგარიშების მოსმენები, რომლებიც ჩატარდა როგორც ტექნიკურ უნივერსიტეტში, ისე ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკისა და წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში.

     მიზანი გახლდათ მეცნიერი-თანამშრომელთა ფართო აუდიტორიისთვის უნივერსტიტეტში შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების გაცნობა და მომავლისთვის საერთო პროექტების განხორციელება. ზოგადად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და ფაკულტეტების მიერ წარმოდგენილი სამეცნიერო სამუშაოები და თემები ხასიათდებოდა უაღრესად თანამედროვე დონით და გამოყენებითი მიმართულებებით, მათ შორის აღსანიშნავია სამშენებლო ფაკულტეტის, ასევე სამთო-გეოლოგიური, ქიმიური ტექნოლოგიებისა და მასალათმცოდნეობის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტების და ვ. ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის, წყალთა მეურნეობისა და გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტების და სხვათა სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაცია. განსაკუთრებით ყურადსაღებია საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, პროფესორ ნოდარ ჭითანავასა და სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ დავით გურგენიძის მოხსენებები, სადაც განხილული იყო დარგში არსებული პრობლემების ღრმა ანალიზი და მათი გადაწყვეტის გზები.

     ჩატარებულმა ღონისძიებამ გამოავლინა ისეთ პრობლემები, რომლებიც შესაძლებელია ჩაითვალოს სამეცნიერო სამუშაოების წარმატებით განხორციელების ხელის შემშლელ პირობებად, რომელთა შორის აღსანიშნავია:

1. ინფორმაციის სიმწირე სტუ-ის სტრუქტურებში შემავალი სამეცნიერო ერთეულების მიერ ჩატარებული სამუშაოების შესახებ, რომლებთაც აქვთ ერთმანეთთან შეხების ან გადაკვეთის წერტილები და, შესაბამისად მოითხოვს წარმოდგენილ თემებთან გუნდური მუშაობის პრინციპით მიდგომას.

2. სტუ-ში არსებული სამეცნიერო კვლევებისთვის საჭირო ძვირად ღირებული ხელსაწყოების არსებობის შესახებ ინფორმაციის არასაკმარისობა, რაც იწვევს ამ ხელსაწყოების ძებნით გამოწვეულ დროის კარგვას და, შესაბამისად სამეცნიერო სამუშაოების შეფერხებას.

ზემოაღნიშნულის გამოსასწორებლად საჭიროა უმოკლეს ვადაში შეიქმნას სტუ-ში არსებული სამეცნიერო საჭიროებისთვის განკუთვნილი ხელსაწყოების, ჩარხებისა და სხვა დანადგარების მონაცემთა ბაზა.

3. ღონისძიების წარმართვისას გამოიკვეთა ზოგიერთი ფაკულტეტის არასაკმარისი აქტივობა და ყურადღება სტუ-ში ჩატარებული სამეცნიერო – კვლევითი სამუშაოების მოსმენის მიმართ.

დასკვნის სახით, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურებში მიმდინარე და შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების უმეტესობა მიძღვნილია თანამედროვე, აქტუალური პრობლემების გადასაწყვეტად და მათი უმრავლესობა ატარებს გამოყენებით ხასიათს, რომელთა დანერგვა დიდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ეროვნულ მეურნეობას და ქვეყნის ეკონომიკას.