საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტს პოტსდამის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია 2019-10-22T14:27:15+00:00

     საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტს გაცნობითი ვიზიტით პოტსდამის ტექნიკური უნივერსიტეტის (გერმანია) დელეგაცია ეწვია, რომელსაც პროფესორები – იორგ რიოდერი და გიუნტერ სეიდლი ხელმძღვანელობდნენ.

     ვიზიტის ფარგლებში, გერმანელი მეცნიერები ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ დავით გურგენიძეს, დეპარტამენტების ხელმძღვანელებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ. მხარეებმა მნიშვნელოვნად შეაფასეს პირველი ვიზიტი, რომელიც მთლიანად გაცნობით ხასიათს ატარებდა. გერმანელმა კოლეგებმა ქართველ მეცნიერებს ვიდეომიმართვა წარუდგინეს, რომლითაც პოტსდამის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, კერძოდ კი სამშენებლო ფაკულტეტთან სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

     როგორც პოტსდამის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა იორგ რიოდერმა აღნიშნა, რადგან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პოტსდამის უნივერსიტეტის პოტენციურ პარტნიორად განიხილება, მათთვის მნიშვნელოვანია სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო ინფრასტრუქტურის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება.

     “მოხარული ვართ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაცნობითი ვიზიტით ვიმყოფებით. ეს ჩვენი პირველი ვიზიტია და პატივი გვერგო, პოტსდამის ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მოგმართოთ. დიდი სურვილი გვაქვს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი ჩვენს მომავალ პარტნიორად განვიხილოთ და მეშვიდე სემესტრიდან სამშენებლო ფაკულტეტზე გაცვლითი პროგრამები განვახორციელოთ. ეს ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის პირველი ეტაპი იქნება. პოტსდამის უნივერსიტეტი არ არის ისეთივე დიდი უნივერსიტეტი, როგორიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია, მაგრამ გვინდა გითხრათ, რომ ჩვენს უნივერსიტეტს კარგი სასწავლო ინფრასტრუქტურა აქვს. დაინტერესებული ვართ თქვენს ასწლოვან უნივერსიტეტთან ურთიერთობით, მითუმეტეს, რომ პოტსდამის უნივერსიტეტი ავადსახსენებელი ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ დაარსდა. ჩვენს სამშენებლო ფაკულტეტზე 600 სტუდენტი სწავლობს, გვაქვს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, ვანვითარებთ სწავლების მესამე საფეხურსაც. ჩვენ განსაკუთრებული შეთავაზებები გვექნება მაგისტრანტებისთვის. ვფიქრობთ, მათთვის ლაბორატორიული მუშაობა მნიშვნელოვანი იქნება.  ვცდილობთ, ინტენსიური თანამშრომლობა გვქონდეს სხვა ტექნიკურ უნივერსიტეტებთან, არა მხოლოდ საზღვარგარეთ, არამედ გერმანიაშიც. მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ბერლინის უნივერსიტეტთან. ამჟამად, უზბეკეთის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, ვმუშაობთ საერთო სამაგისტრო პროგრამის შექმნაზე“, – აღნიშნა იორგ რიოდერმა.

     ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ ყურადღება გაამახვილა იმ მრავალწლიან გამოცდილებაზე, რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გააჩნია. დეკანის თქმით, სამშენებლო ფაკულტეტის ადმინისტრაცია გაეცნობა პოტსდამის ტექნიკური უნივერსიტეტის შესაძლებლობებს და განიხილავს იმ სარგებელს, რისი მიღებაც ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პოტსდამის უნივერსიტეტში სწავლით იქნება შესაძლებელი.

     „გვინდა იცოდეთ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 24 000 აქტიური სტუდენტია, სამშენებლო ფაკულტეტის პროგრამებზე კი – 3000 სტუდენტი სწავლობს. ყველა წარმატებული სტუდენტი სტაჟირებას სერიოზულ კომპანიებში გადის და საბოლოო ჯამში, წარმატებით საქმდება. ასევე, გვინდა იცოდეთ, რომ ჩვენი სამშენებლო ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა მიერაა აშენებული ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრი ქალაქი. ჩვენი უნივერსიტეტი დღესაც ერთ-ერთი დიდი უნივერსიტეტია პოსტსაბჭოთა სივრცეში. გვინდა იცოდეთ ისიც, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები პოტსდამის მშენებლობაშიც იღებდნენ მონაწილეობას. ტექნიკური უნივერსიტეტი 200-ზე მეტ საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს – გვაქვს პროფესიული, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, ასევე, პოსტსადოქტორო პროგრამებიც. ჩვენი მეცნიერები მონაწილეობენ CERN-ისა და იაპონიის KEK-ის საერთაშორისო მეგაექსპერიმენტებში, ვთანამშრომლობთ იულიხის კვლევით ცენტრთან, მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს პოლონეთის უნივერსიტეტებთან და საერთო პროგრამებზე ვმუშაობთ. იგივე შეგვიძლია ვთქვათ იტალიისა და ესპანეთის უნივერსიტეტების შესახებ. ფაქტობრივად, მსოფლიოს ყველა წამყვან ტექნიკურ უნივერსიტეტთან ვართ ინტეგრირებული. ჩვენს სტუდენტებს თავისუფლად შეუძლიათ უცხოელ სტუდენტებთან ერთად სწავლა. გარდა ამისა, გვაქვს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, რომლებსაც ევროპელ კოლეგებთან ერთად ვახორციელებთ და შესაბამისად, სტუდენტები ორმაგ დიპლომებს იღებენ. მნიშვნელოვანია, რომ სამშენებლო ფაკულტეტი აღჭურვილია უახლესი სასწავლო, საცდელი და სამეცნიერო ლაბორატორიებითა და ტექნიკით. ორი კვირის წინ ავსტრიიდან ჰიდროტექნიკური ნაგებობებისთვის განკუთვნილი უახლესი სასწავლო ტექნიკა-დანადგარები მივიღეთ. დარწმუნებული ვართ, მსგავსი აღჭურვილობა პოტსდამის ტექნიკურ უნივერსიტეტში არ იქნება, რადგან ეს უახლესი ტექნიკა, ჯერჯერობით, ავსტრიის უნივერსიტეტებშიც არ არის დანერგილი. ასევე, უკვე მწყობრში შედის ახალი ხიდსაცდელი ცენტრი, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი პირველი იქნება“, – აღნიშნა დავით გურგენიძემ.

     შეხვედრის დასრულების შემდეგ პოტსდამის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო ინფრასტრუქტურას, ლაბორატორიებსა და ბიბლიოთეკას გაეცნენ, ასევე, პალეონტოლოგიის მუზეუმი და უნიკალური სასწავლო შახტი-ლაბორატორია დაათვალიერეს.