სტუ-ის სამშენებლო და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტები „ნატოს“ საგრანტო პროექტში ჩაერთვებიან 2020-03-06T18:17:54+00:00

სტუ-ის სამშენებლო და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტები „ნატოს“ საგრანტო პროექტში ჩაერთვებიან

     2020 წლის 26 თებერვალს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში შედგა შეხვედრა, რომელიც ეხებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტების „ნატოს“ საგრანტო პროექტში ჩართვას. კონსორციუმში, სადაც რვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტი შედის, საქართველოდან ტექნიკური უნივერსიტეტი ერთადერთია, რომელიც ამ დიდ პროექტში მონაწილეობას მიიღებს.

     პროექტი ეხება წყლის კიბერუსაფრთხოებას და მასში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარდა, ჩართულები არიან ნორვეგიის, იტალიის, ესპანეთის, გერმნანიის, აშშ-ს და ჩინეთის წამყვანი უნივერსიტეტები.

     ხაზგასმით აღინიშნა, რომ „ნატოს“ წარმომადგენლობამ მოითხოვა პროექტში საქართველოს და კონკრეტულად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩართვა. ინიციატივა ჩვენი უნივერსიტეტის კონსორციუმში ჩართვას გულისხმობს.  კონსორციუმის სათაო ოფისი ნორვეგიაშია, ეს არის მსოფლიოში გარემოს დაცვის ცნობილი ცენტრი, რომელიც მშენებლობისა და წყლის პრობლემებზე მუშაობს.  პროექტში ქართული მხარის ჩართვა ჰიდროინჟინერიის და წყალმომარაგებისა და გამოთვლითი ტექნიკისა და ტელემეტრიის თვალსაზრისით მოხდა, ვინაიდან ამ მიმართულებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დიდი გამოცდილება აქვს.

     პროექტში მონაწილეობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ვინაიდან საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ჩამდინარი წყლის გამწმენდი 6 ნაგებობა შევიდა ექსპუატაციაში და აღიჭურვა თანამედროვე მართვის ელოქტრონული სისტემით. პროექტის ფარგლებში მოხდება ამ სისტემებზე დაკვირვება და მოგვეცემა საშუალება მოთხოვნისამებრ დისტანციურად მივიღოთ და დავამუშაოთ მონაცემები, რათა  შემდგომ ეს მონაცემები გამოყენებულ იქნას სამეცნიერო კვლევებსა და სასწავლო პროცესში.