ჩვენი სტუდენტები ანაკლიის პორტის მშენებლობის შუაგულში

      მიმდინარე წლის ოქტომბერში სტუ-ს სამშენებლო მანქანების დეპარტამენტის (პროფ. მიხეილ შილაკაძე) ინიციატივით და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელშეწყობით დაანონსდა ჩვენი სტუდენტების სტუმრობა ანაკლიაში. იგი ბუნებრივია ითვალისწინებდა შეხვედრას დამსაქმებლებთან.

     ანაკლია სიტის მშენებლობა ქვეყნის უდიდესი მასშტაბის და მნიშვნელობის (როგორც ეკონომიკური და ისე პოლიტიკური) ღონისძიებაა. პორტის მშენებლობა, როგორც აღნიშნავს მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ბ-ნი მამუკა ხაზარაძე სიტის მშენებლობის  „ყინულმჭრელია“. იგულისხმება, რომ მომდევნო  წლების მანძილზე აქ გათვალისწინებულია და მოსალოდნელი 2,5 მილიარდი დოლარის გარე ინვისტიციები.  2020 წელს ანაკლიის პორტი მიიღებს პანამაქსის ტიპის გემებს, რაც უდიდეს მოვლენად უნდა ჩაითვალოს შავი ზღვის ნაოსნობის ისტორიაში. მშენებლობის პროცესში ჩართულია მსოფლიოს ყველაზე ცნობილი კომპანიები.

     უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ავტორიზებული პროგრამა (სამშენებლო სატრასპონტო-ტექნოლოგიური საშულებები) ითვალისწინებენ ისეთ სასწავლო არჩევით კომპონენტს (სპეციალიზაციას), როგორიცაა  საპორტო ტექნოლოგიური ტრანსპორტი და მოწყობილობები.

    ასეთ ფონზე ანაკლიაში გამგზავრების გადაწყვეტილება (მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს) რომელიც დაიწყო დილით ადრე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ოფისის წინ, ჩვენი სტუდენტების მიერ აღფრთოვანებით იქნა აღქმული. სტუდენტთა რაზმს ხელმძღვანელობდა ასოც. პროფ. დ. ბაქრაძე. მგზავრობა ავტობუსებით თითქმის 6 საათი გაგრძელდა. ანაკლიაში ადგილზე დაგვხვდა და მასპინძლობას გვიწვევდა კონსორციუმის მენეჯერი გიორგი მირცხულავა. მშენებლობამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა სტუდენტებზე. ყველაფერში იგრძნობოდა გრანდიოზული მასშტაბები, მშენებლობის მაღალი ტემპი. მიწის სამუშაოები სამომავლო პორტის ტერიტორიაზე  მიმდინარეობდა განუწყვეტლივ, დღე და ღამ. სანაპიროზე გუგუნებდნენ     ცნობილი ფირმების მიწასათხრელი მანქანები – ვოლვოსა და კატერპილერის ექსკავატორები. მოშორებით ზღვაში მუშაობდა ზღვის ფსკერის დამაღრმავებელი ყველაზე თანამედროვე მიწახაპია გემი „ათენა“.

აუდიტორიაში კონსორციუმის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი მირცხულავა შინაარსიანად ესაუბრებოდა სტუდენტებს ანაკლიის მშენებლობის მნიშვნელობასა და მისი პროცესების თავისებურებებზე.

შედეგად არის საერთო გადაწყვეტილება: აქ მუშაობა ქართველი ახალგაზრდებისათვის უაღრესად საჭიროა  და პრესტიჟულიც!

მომავალ შეხვედრამდე ანაკლია!

2018-11-08T13:43:31+00:00 ნოემბერი 8th, 2018|