სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის ბნ. დ. გურგენიძის ხელშეწყობით და ფაკულტეტის სტუდმართველობის დახმარებით 2019 წლის 16 ნოემბერს მოეწყო გაცნობითი ლექცია-ექსკურსია ჟინვალის წყალსაცავზე და ანანურის ციხის ისტორიულ კომპლექსში. სტუდენტთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა საინჟინრო მექანიკისა და მშენებლობის ტექნიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის პროფ. ზურაბ ციცქიშვილი. სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია ჟინვალის წყალსაცავის შექმნის ისტორიამ: ჯერ კიდევ XIX საუკუნეში გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწე ნიკო ნიკოლაძე,რომელმაც უმაღლესი საინჟინრო განათლება საფრანგეთში მიიღო, ქ. თბილისის წყალმომარაგების პრობლემის გადაწყვეტას ნატახტარ-ჭოპორტის წყაროების მეშვეობით აპირებდა და მის მიერ მოწვეული ფრანგი ინჟინრების დახმარებით შეიქმნა კიდეც პროექტი, რომლის რეალიზაცია იმ პერიოდისათვის თანხების უქონლობის გამო ვერ მოხერხდა. 1935 წელს მოიძებნა თანხები და მოხდა თაროზე შემოდებული პროექტის განხორციელება, რამაც ძირეულად გააუმჯობესა ქ. თბილისის წყალმომარაგება, მაგრამ დროთა განმავლობაში მოსახლეობის ზრდასთან და ქალაქის გაფართოებასთან ერთად საჭირო გახდა სასმელი წყლით მომარაგების დამატებითი წყაროების მოძიება. ერთ-ერთი ასეთი პროექტი იყო თბილისის ხელოვნური წყალსაცავის შექმნა 1953 წელს; 1974 წელს შეიქმნა ჟინვალის წყალსაცავის პროექტი, რომელსაც ელექტროენერგიის გამომუშავებასთან ერთად ქალაქების მცხეთისა და თბილისის წყალმომარაგების პრობლემის ძირეული გადაწყვეტა და ჟინვალიდან ქ. მცხეთამდე მდინარე არაგვის ხეობის სოფლების სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მორწყვის პრობლემის ხელშეწყობა დაეკისრა. 1985 წელს ექსპლუატაციაში შევიდა ჟინვალჰესის გრავიტაციული კაშხალი. ამ დროისათვის იგი ყველაზე ახალგაზრდა წყალსაცავია, რომლის ტექნიკური მახასიათებლების გაცნობამ დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებში. საუბარი მიმდინარეობდა კითხვა პასუხის რეჟიმში და სტუდენტებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ასეთი ტიპის გაცნობითი ლექცია-ექსკურსიები დიდ დახმარებას გაუწევს მათ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში. აქვე აღინიშნა,რომ წყალსაცავის ავსებისას დატბორილი იქნა სოფელი ჟინვალი და იქ არსებული Xll საუკუნის ჯვარიპატიოსანის სახელობის ეკლესია. არქეოლოგიური გათხრების მიმდინარეობის გამო, წყალსაცავის ავსება იმ დროისთვის ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო.
ანანურის ციხესიმაგრის დათვალიერებისას სტუდენტები გაეცნენ, როგორც ამ ისტორიულ-კულტურული ძეგლის ისტორიულ დანიშნულებას, ასევე ამ კომპლექსის, როგორც ადგილობრივი მასალისაგან ნაგები შენობა-ნაგებობის არქიტექტურულ-კონსტრუქტულ მოწყობას.