ისტორია 106 2018-02-10T06:56:27+00:00

სამშენებლო კომპიუტერის დაპროექტების დეპარტამენტი

 

დეპარტამენტის ისტორია

№90 კათედრა „ავტომატიზებული დაპროექტების სისტემები“  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 1985 წელს დაარსდა და ყოფილ საბჭოთა კავშირში  ერთ–ერთ პირველ კათედრას წარმოადგენდა. იგი მაპროფილებელი 1986 წლიდან გახდა. ამავე წლებში იქმნება ანალოგიური სპეციალობის კათედრები ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრ ქალაქში (მაგ., მოსკოვის სამშენებლო ინსტიტუტში, უკრაინაში, ბელორუსიაში), უცხოეთში (ინგლისში, გერმანიაში, ჰოლანდიაში და ა. შ.), რომლებიც დღესაც თავიანთ საქმიანობას დიდი წარმატებით აგრძელებენ.

როგორც აღინიშნა, სამშენებლო  საქმის ზრდამ სრულიად ახალი მოთხოვნები წაუყენა საპროექტო ორგანიზაციებს და ინსტიტუტებს. მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნილებები საპროექტო დოკუმენტაციის რაოდენობაზე, მათ ხარისხზე. გარდა ამისა, გაიზარდა მოთხოვნები სამშენებლო კონსტრუქციებსა და ნაგებობების სიმტკიცეზე, მდგრადობაზე, ეკონომიურობაზე და სხვა კრიტერიუმებზე, რომლებიც ინჟინრებისაგან მოითხოვენ დასვან და გადაწყვიტონ რთული, მათ შორის, ოპტიმალური ამოცანები. მარტო დამპროექტებელთა რაოდენობის ზრდით  საპროექტო საქმის შემდგომი პროგრესი შეუძლებელია. საჭიროა ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციის მკვეთრი ამაღლება, რომლებიც არა მარტო კონსტრუქციებისა და ნაგებობების დაპროექტების ტრადიციულ მეთოდებს, არამედ თანამედროვე კომპიუტერულ ტექნოლოგიებსა და ოპტიმიზაციის მეთოდებს ფლობენ, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მრავალი ცვლადის მულტიმოდალური ფუნქციის გლობალური ექსტრემუმის მონახვა. ზემოთ აღნიშნული მეთოდების გამოყენების საფუძველზე საჭიროა დამუშავდეს ერთიანი ზოგადი მიდგომა სამშენებლო კონსტრუქციებისა და ნაგებობების პარამეტრების ოპტიმიზაციის საკითხისადმი, რომლებიც თანამედროვე საინჟინრო პრაქტიკაში მისაღები სიზუსტით დაპროექტების რთული ექსტრემალური ამოცანების გადაწყვეტას უზრუნველყოფს.

სამშენებლო პროექტების მაღალი ხარისხით შესრულებისთვის საჭირო შეიქმნა სრულიად ახალი კატეგორიის სპეციალისტის მომზადება. ისეთი სპეციალისტისა, რომელიც შეძლებდა ამ ამოცანების გადაწყვეტას. სამშენებლო ფაკულტეტზე სწორედ ამ მიზნით გაიხსნა აღნიშნული კათედრა.

 

კათედრის (მიმართულების) დაარსების მიზანი მდგომარეობდა 2203 სპეციალობის (ინჟინერ–სისტემოტექნიკოსის) ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადება მათი არქიტექტურულ–სამშენებლო დარგში ავტომატიზებული დაპროექტების სისტემების შექმნისათვის და აგრეთვე არსებული სისტემების ექსპლუატაციისათვის (მომსახურებისათვის). 1985 წლამდე არ ხდებოდა ამ პროფილის ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადება, თუმცა დაპროექტების პროცესის ავტომატიზაციის დანერგვაზე მოთხოვნილების ყოველწლიურმა ზრდამ ამ პროფილის სპეციალისტებზე მზარდი მოთხოვნა განაპირობა.

ჩვენთან შემუშავებული სპეციალობის პროგრამის ათვისება საშუალებას აძლევს სტუდენტს ღრმად და საფუძვლიანად დაეუფლოს ინფორმაციის დამუშავების კომპიუტერულ ტექნოლოგიას. ამ დარგის სპეციალისტებს შეეძლებათ მუშაობა: საპროექტო ორგანიზაციებში; მერიის შესაბამის სამსახურებში; ეკონომიკისა  და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამისი სამსახურებში; სამშენებლო, სამანქანათმშენებლო და სხვადასხვა საინჟინრო კომპანიებში, როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების დამპროექტებლები, დამმუშავებლები, კომპიუტერული ცენტრების ხელმძღვანელები, პროგრამისტები, მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების ადმინისტრატორები და სხვ. ასევე დიდია მოთხოვნილება ჩვენი მიმართულების (ამჟამად დეპარტამენტის) კურსდამთავრებულებზე სამთავრობო და ადმინისტრაციული სტრუქტურების კომპიუტერულ ქვედანაყოფში, საფინანსო და საბანკო სფეროში, უახლესი კომპიუტერული, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ბაზარზე, კომპიუტერული დიზაინის, სარეკლამო და საგამომცემლო ბიზნესში, სატელევიზიო სფეროში და ა. შ.

2011 წლიდან მიმართულება გარდაიქმნა მშენებლობის კომპიუტერული დაპროექტების დეპარტამენტად.

მიმართულების პირველი ხელმძღვანელი და დამაარსებელი იყო პროფ. იუზა ვერულავა (1985–2001 წწ.), 2001 წლიდან 2004 წლამდე (გარდაცვალებამდე) მიმართულებას ხელმძღვანელობდა პროფ. ნიკოლოზ თოდუა, რომელმაც დიდი როლი ითამაშა მიმართულების მატერიალურ–ტექნიკური ბაზის გაძლიერებაში. 2004 წლიდან მიმართულებას ხელმძღვანელობს პროფ. მურმან კუბლაშვილი.

დეპარტამენტს მჭიდრო ურთიერთობა აქვს მსოფლიოს სხვა სახელმწიფოთა შესაბამისი პროფილის დეპარტამენტებთან, სამეცნიერო ორგანიზაციებთან და პროფესიულ ასოციაციებთან. წარჩინებული სტუდენტები არარერთხელ იყვნენ მივლინებული გაცვლითი პროგრამის შესწავლის მიზნით ევროპის ქვეყნებში.

ამ კათედრაზე სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ: თეიმურაზ ხუციშვილი, დავით ჯალაღანია, გიორგი შონია, დავით მაისურაძე, მალხაზ აშორდია, ლადო ასათიანი, ვალერი ხვიჩია.

თავისი არსებობის მანძილზე დეპარტამენტმა ძალიან ბევრი სპეციალისტი მოამზადა. ამჟამად იგი ამზადებს როგორც პროფესიულ სწავლებას, ასევე ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა  და დოქტორის აკადემიური ხარისხის სპეციალისტებს. დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭათ: ხატია გორჯოლაძეს, თამარ კვაჭაძეს, თინათინ მაღრაძეს, ზურაბ კაპანაძეს, მირიან კუბლაშვილს, რომლებიც უნივერსიტეტში პედაგოგიურ საქმიანობას წარმატებით ეწევიან.