ისტორია 105 2018-02-10T06:53:54+00:00

 

წყალმომარაგების, წყალარინების, თბოაირმომარაგების და შენობათა საინჟინრო აღჭურვის დეპარტამენტი

 

დეპარტამენტის ისტორია

 

2013 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე ჩამოყალიბდა  წყალმომარაგების, წყალარინების, თბოაირმომარაგების და შენობების საინჟინრო აღჭურვის დეპარტამენტი № 105, რომელშიც  გაერთიანდა „წყალმომარაგება და წყალარინება“  და „თბოაირმომარაგება და ვენტილაცია“ მიმართულებები. დეპარტამენტს 2017 წლის მარტამდე უძღვებოდა პროფ. ნიკოლოზ ნაცვლიშვილი, 2017 წლის მარტიდან პროფ. გურამ სოსელია და ამჟამად დეპარტამენტის უფროსია პროფ. ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი.

დღეისათვის დეპარტამენტში პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას  ეწევიან: 13 პროფესორი, 7 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი, 4 ასისტენტი. გარდა ამისა დეპარტამენტში მუშაობს 2 უფროსი სპეციალისტი და 2  ლაბორანტი, სულ 30 თანამშრომელი.

დეპარტამენტის თანამშრომლების ნაყოფიერი მუშაობის შედეგად შეიქმნა მოდულური სწავლების სისტემა, რომელიც  წარმოდგენილია სამი მოდულით. ამ პერიოდში დამუშავდა საგნების სრულიად ახლებურად გააზრებული  სასწავლო პროგრამები და სილაბუსები.  აღდგა სწავლება რუსულ სექტორზე (ბაკალავრიატი) წყალმომარაგებისა და წყალარინების განხრით და შეიქმნა ახალი რუსულენოვანი პროგრამა „ წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა“(პროგრამის ხელმძღვანელი პროფ. ნ.ნაცვლიშვილი). დამუშავდა 2 ახალი სამაგისტრო ინგლისურენოვანი პროგრამა „წყალმომარაგება,  წყალარინება, წყლის რესურსების რაციონალური გამოყენება და დაცვა“ და “წყლის ინჟინერია“, აგრეთვე დოქტორანტურისთვის ახალი პროგრამა „წყლის ინჟინერია“ ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. (პროგრამების ხელმძღვანელები პროფ. ა.ბაგრატიონ-დავითაშვილი და პროფ. ი.ინაშვილი),   ამასთან ერთად დამუშავდა საგნობრივი სილაბუსები ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში სწავლებისათვის.

ამჟამად დეპარტამენტის თანამშრომლები მონაწილეობას იღებენ  ორი ახალი საგანმანათლებლო პროგრამის: „მშენებლობა“ და „სამოქალაქო ინჟინერია“ დამუშავებაში, რომლებიც   აკრედიტაციას გაივლიან  ამერიკის საინჟინრო ტექნოლოგიების და ინჟინერიის აკრედიტაციის  საბჭოში  (ABET).

პროფესორ-მასწავლებლების  მიერ შედგენილი და გამოცემულია 16   სახელმძღვანელო,  12 მონოგრაფია, 1200–ზე მეტი სამეცნიერო სტატია, რომლებიც გამოქვეყნებულია როგორც ყოფილ საბჭოთა კავშირის, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებში, აგრეთვე 30–ზე მეტი მეთოდური მითითება სტუდენტებისათვის საკურსო სამუშაოების შესასრულებლად.  დეპარტამენტში ისწავლება  –  სპეციალური დისციპლინები.  დეპარტამენტში 30–ზე მეტ გამოგონებაზე მიღებულია საავტორო მოწმობა.

ჩატარდა სარემონტო სამუშაოები სანტექნიკისა, ტუმბოების და თბოაირმომარაგების ლაბორატორიებში. აუდიტორიები შეივსო ახალი ინვენტარით და დამონტაჟდა ვიდეო მოწყობილობები.

ასევე  ავსტრიის მთავრობის დაფინანსებით შენდება  და შემდგომში აღიჭურვება  უახლესი ლაბორატორია  ჰიდრავლიკის, წყლის ხარისხის განსაზღვრის და მონიტორინგის  მიმართულებით.

დეპარტამენტს საქმიანი ურთიერთობები აქვს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და ქ.თბილისის კომპანია „ჯეორჯიან უოთერ ენდ პაუერთან“. მიმდინარეობს  სამუშაოები შემოქმედებითი თანამშრომლობის საფუძველზე  აზერბაიჯანის და სომხეთის წყლის პრობლემების სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტებთან, ასევე უნგრეთის, პოლონეთის, ავსტრიის,  და ბელორუსიის პოლიტექნიკურ ინსტიტუტებთან.

დეპარტამენტში მუშავდება მრავალრიცხოვანი სამეცნიერო საკვლევი სამუშაოები როგორც საქართველოს ბიუჯეტის დაფინანსებით, ასევე საერთაშორისო გრანტების დაფინანსებით.

მუშავდება გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი „საქართველოს ფორმალურ/არაფორმალურ პროფესიული განათლების სისტემასა და შრომის ბაზრის საჭიროებებს შორის კავშირების გაღრმავება ცხოვრების მანძილზე სწავლების კონტექსტში“,  რომელიც ფინანსდება ევროკავშირის მიერ.

ასევე მუშავდება პროექტი #135: „აკადემიური თანამშრომლობა შესაძლებლობის გაზრდისათვის გარემოსდაცვით სწავლებაში“ (ACCES)

დონორი: ავსტრიის სააგენტო საერთაშორისო თანამშრომლობა განათლებასა და კვლევაში OeAD-GmbH –  ავსტრიის თანამშრომლობის პროგრამა უმაღლესი განათლებას და კვლევის განვითარებისათვის (APPEAL).

დეპარტამენტის თანამშრომლები მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო კონფერენციებში და სიმპოზიუმებში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

დეპარტამენტის  5  თანამშრომელი არჩეულია საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრად. დეპარტამენტის 1 წევრი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიანტია.

დეპარტამენტის –  6 თანამშრომელი დაჯილდოებულია სხვადასხვა ხარისხის ორდენებით
(ღირსების), და მედლებით.  მათ შორის 3  არის უმაღლესი განათლების სამინისტროს სპეციალური პრემიის მფლობელი.

როგორც უკვე მოხსენიებული იყო, დეპარტამენტი შეიქმნა ორი კათედრის, შემდგომში კი ორი მიმართულების :“წყალმომარაგება და წყალარინება“ და „თბოაირმომარაგება და ვენტილაცია“ ბაზაზე.  მოკლედ ამ კათედრების ისტორიაზე:

წყალმომარაგების კათედრის  მოკლე  ისტორია

1945 წელს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (შემდგომში ტექნიკური უნივერსიტეტი) ჩამოყალიბდა წყალმომარაგების კათედრა ბატონ ლევან დიასამიძის მიერ, რომელიც 1962 წლამდე თავად ხელმძღვანელობდა მას. მისი მონაწილეობით 1925 წელს დაიწყო და 1933 წელს დამთავრდა ქ. თბილისის უნიკალური წყალმიმწოდებელი ნატახტრის სათავე ნაგებობა. ლევან დიასამიძე იყო მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით.

წყალმომარაგების კათედრის თანამშრომლები (1965 წელი)

 

1962 წლიდან კათედრას სათავეში ჩაუდგა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, დამსახურებული ინჟინერი ალექსანდრე ზედგინიძე. მრავალი თაობის მაღალკვალიფიციურ პედაგოგთა მოღვაწეობამ განაპირობა ათასობით ახალგაზრდა სპეციალისტის მომზადების, სამეცნიერო-მეთოდური  და კვლევითი სამუშაოების მაღალი დონე. კათედრაზე მოღვაწეობდნენ ცნობილი მეცნიერები, პროფესორები და დოცენტები: ქეთევან ქუთათელაძე, ოთარ ყანჩაველი, პაატა ნამგალაძე, ევგენია ლოლაძე, გურამ სოსელია, რეზო დანელია,ვაჟა ნაჭყებია, ლიზიკო ნიჟარაძე, ნიკოლოზ ნაცვლიშვილი, იური გეგელაშვილი, ზურაბ ზალიკაშვილი, თენგიზ ჭილაძე, თეიმურაზ ივანიშვილი  და ბევრი მათი გაზრდილი ახალგაზრდა თანამშრომელი. ალექსანდრე ზედგინიძის  ხელმძღვანელობით 1968 წელს ჩამოყალიბდა „სამრეწველო და კომუნალური წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სამეცნიერო–კვლევითი დარგობრივი ლაბორატორია“, რომლის მთავარი მიმართულება გახლდათ წყლის რესურსების დაცვა და რაციონალური გამოყენება, სამრეწველო ჩამდინარე წყლების გაწმენდა, წყალსაცავების დაცვა გაბინძურებისგან და სხვ.  დარგობრივ ლაბორატორიაში ძირითადი თანამშრომლების გ.სოსელიას, ნ.ნაცვლიშვილის, გ.ჟღენტის ,თ.ლაბარტყავას და სხვების მიერ  დამუშავებულმა  სამეცნიერო–საკვლევი თემების ეფექტიანობამ და დანერგვამ    იმ დროისათვის ქვეყანას მისცა მილიონობით მანეთის ეკონომია.

1984 წლიდან წყალმომარაგების და კანალიზაციის კათედრას ხელმძღვანელობდა პროფესორი მიხეილ ღოღობერიძე. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში მეცნიერულად დასაბუთებული მოსაზრებების საფუძველზე (კათედრის ძირითადი სამუშაო ჯგუფის მიერ:  მ.ღოღობერიძე, ლ. კლიმიაშვილი, გ. სოსელია, თ. ლაბარტყავა,    ნ. ნაცვლიშვილი, ვ. ნაჭყებია, ვლ. გეგელაშვილი,) შეჩერდა ტრანსკავკასიის რკინიგზის დაპროექტება, რომელიც ითვალისწინებდა მდინარე არაგვის ხეობაში რკინიგზის გაყვანას, რაც გამოუსწორებელ საფრთხეს შეუქმნიდა თბილისის წყალმომარაგების ძირითად სათავე ნაგებობებს.

1989 წლიდან კათედრას ხელმძღვანელობდა ტექ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი გივი კიკაჩეიშვილი, რომელიც პარალელურად იყო საპროექტო ინსტიტუტის „კომუნპროექტის“ დირექტორი, ამ პერიოდში დამუშავდა ქ. თბილისის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ტექნიკური აღწერის პროექტი, რაც მოიცავდა რეკომენდაციებს საქალაქო ქსელების რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციისათვის.

2000 წლიდან  კათედრას ხელმძღვანელობდა ტექნ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი ლევან კლიმიაშვილი, რომლის ხელმძღვანელობით დამუშავდა და დადგინდა საქართველოს დასახლებული პუნქტების წყლის მოხმარების ფაქტობრივი ხარჯების და დანაკარგების სიდიდეები, რაც წარმატებით იქნა გამოყენებული საქართველოს სხვადასხვა ობიექტზე. ამ პერიოდში თანამშრომლებთან ერთად მან ჩამოაყალიბა მოსაზრებები ქ. თბილისის წყალმომარაგების სისტემის იჯარით გადაცემის შესახებ. ფრანგულ კომპანია „ჯენერალ დეზოზე“. ამ მოსაზრებების გათვალისწინებამ შეაჩერა იჯარით გადაცემის პროცესი. პროფ.ლ.კლიმიაშვილის ინიციატივით აღორძინდა მუშაობა ახალგაზრდა მეცნიერებთან.

დღეს ბატონი ლევან კლიმიაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე–რექტორია.

2009–2013 წლებში კათედრა ფორმირდება მიმართულებად, რომელსაც ხელმძღვანელობდა  ტექნ. მეცნ. დოქტორი, პროფ. ზ. ციხელაშვილი .

კათედრის თანამშრომლების მიერ გამოცემულია  30-ზე მეტი სახელმძღვანელო, 9 მონოგრაფია,  40-ზე მეტი მეთოდური მითითება საკურსო და სადიპლომო პროექტირებისათვის,  1500-ზე მეტი სამეცნიერო სტატია , 30-ზე მეტი გამოგონება. დაცულია 25-ზე მეტი სადოქტორო და 30-ზე მეტი საკანდიდატო დისერტაცია.

თბოაირმომარაგება და ვენტილაციის კათედრის  მოკლე  ისტორია

1963 წ. კათედრას გამოეყო და ჩამოყალიბდა თბოაირმომარაგებისა და ვენტილაციის კათედრა, რომელსაც ხელმძღვანელობდა პროფესორი გივი დარჩია, დაიწყო ფართო შემოქმედებითი სამეცნიერო–ტექნიკური საქმიანობა. 70–იანი წლების პირველ ნახევარში უკვე ჩამოყალიბდა საკმაოდ ძლიერი სამეცნიერო–ტექნიკური ერთეული თბოაირმომარაგების და ვენტილაციის კათედრა, რომელსაც დღემდე გივი დარჩიას კათედრა ჰქვია, მისი დამფუძნებლის პროფ. გ. დარჩიას პატივსაცემად.

 

თბოაირმომარაგება და ვენტილაციის კათედრის თანამშრომლები (1967 წელი)

 

აი ეს შემადგენლობაც: გივი დარჩია, გენრიხ რატიანი, რეზო ხუნწარია, ლიდია მიქელაძე, სიმონ ძამაშვილი, ანზორ მუსერიძე, გივი მახარობლიძე, გივი ქუმსიშვილი, ვაჟა ჩიხლაძე, ოთარ ფურცელაძე, მურთაზ ჯოხაძე, გიული ურუშაძე, მამული გრძელიშვილი, შევაზ კოდუა, დიმიტრი კუჭუხიძე, თემურ ხურციძე, ჯუმბერ კაკულია, ოთარ გიორგობიანი, ვანო ლეჟავა, გიორგი ბიბილეიშვილი, გიორგი ახვლედიანი, თამაზ ანდღულაძე, ციცო ბუჩუკური, კორნელი როჭიკაშვილი.

შეიქმნა მთელი რიგი სასწავლო–მეთოდური სახელმძღვანელოები. ქართულ ენაზე გამოვიდა გ. რატიანის და მ. გრძელიშვილის სახელმძღვანელო – სამშენებლო თბოფიზიკა. ამავე წლებში გამოვიდა ა. მუსერიძის აირმომარაგება, პირველი და მეორე ნაწილები.

თითქმის ყველაზე საგანში შეიქმნა მეთოდური მითითებები საკურსო და სადიპლომო გეგმარების შესასრულებლად.

გაძლიერდა კათედრის ლაბორატორიული ბაზა. დანერგილ იქნა გამოთვლითი ტექნიკა სასწავლო პროცესში. შეიქმნა იმ დროისათვის მოწინავე ლაბორატორიები და სასწავლო კაბინეტები. კათედრა ეწეოდა ფართო მუშაობას სამეურნეო თემების დამუშავების ხაზით. დამუშავებულ იქნა საქართველოს ქალაქების თბომომარაგების სქემები, რომელთაგან მნიშვნელოვანია ქალაქების თბილისის და ბათუმის ცენტრალიზებული სითბოსიცივით მომარაგება, რომელიც ითვალისწინებდა შენობა–ნაგებობების თბური ენერგიით უზრუნველყოფას და ჰაერის კონდიცირებას. დამუშავდა აგრეთვე ქალაქების ფოთის და ცხინვალის თბომომარაგების სქემები.

კათედრაზე შეიქმნა მოწინავე ტექნიკით აღჭურვილი გაზის ლაბორატორია, რომელიც აწარმოებდა რესპუბლიკაში მოწოდებული გაზის ანალიზს და ადგენდა მის პარამეტრებს.

თბოაირმომარაგებისა და ვენტილაციის დარგი წარმატებით ვითარდებოდა. აშენდა ახალი გაზსადენები, რომელიც საქართველოს გაზს აწვდიდა რუსეთიდან და ირანიდან, დაიწყო საქართველოს სრული გაზიფიკაცია და თბომომარაგება, აშენდა გათბობა, ვენტილაციის და ჰაერის კონდიცირების თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი მსხვილი საწარმოო და საზოგადოებრივი შენობები. შეიქმნა დარგის სამშენებლო–სამონტაჟო, გაშვება–გამართვითი საპროექტო და საექსპლუატაციო დაწესებულებები, სადაც ძირითადად თბოაირმომარაგებისა და ვენტილაციის სპეციალობის კურსდამთავრებულები მუშაობდნენ.