ისტორია 2018-07-06T21:33:49+00:00

ი ს ტ ო რ ი ა

 

მას შემდეგ რაც 1918 წლის 26 მაისს საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრიობა, აუცილებელი გახდა დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობისათვის ეროვნული კადრების მომზადება. სწორედ ამ მიზნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბჭომ ი.ჯავახიშვილის, ა.რაზმაძის, ა.დიდებულიძის და ა.ჯავახიშვილის შემადგენლობით შექმნა კომისია, რომელსაც დაევალა მოემზადებინა  სახელმწიფო უნივერსიტეტთან პოლიტექნიკური ფაკულტეტის გახსნის საკითხი.

იმავე საბჭოს გადაწყვეტილებით ფაკულტეტის სტრუქტურის და სასწავლო გეგმების შესამუშავებლად პროფესორ ა.დიდებულიძის თავმჯდომარეობით შეიქმნა სპეციალური კომისია. კომისიის მუშაობაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტისა  და საქართველოს ტექნიკური საზოგადოების წარმომადგენლები: ა.რაზმაძე, ნ.მუსხელიშვილი, გ.ნიკოლაძე, ა.ბენაშვილი, ი.თულაშვილი, ა.ხარაძე, ბ.ჭიჭინაძე, ლ.დიასამიძე, გ.ქურდიანი, ი.ვაწაძე, მ.გედევანიშვილი, გ.წულუკიძე, ვ.კაკაბაძე, ი.ყიფშიძე. 1921 წლის 30 დეკემბერს უნივერსიტეტის საბჭომ დაამტკიცა კომისიის მიერ წარმოდგენილი პროექტი. 

1922 წლის 16 იანვარს შედგა პოლიტექნიკური ფაკულტეტის პირველი სხდომა, რომელსაც ხელმძღვანელობდა პოლიტექნიკური ფაკულტეტის დაარსების ინიციატორი და სულისჩამდგმელი პროფესორი ი.ჯავახიშვილი. სადაც აირჩიეს ფაკულტეტის პირველი დეკანი პროფესორი ა.დიდებულიძე და მდივანი (მოადგილე) ივ.თულაშვილი. ფაკულტეტი სამი განყოფილებისაგან შედგებოდა: სამშენებლო, ელექტრომექანიკური, სამთო. სამშენებლო განყოფილება თავის მხრივ სამი სპეციალობით იყო წარმოდგენილი: ხუროთმოძღვრება, საგზაო და ჰიდროტექნიკური.  ამ დროიდან იწყება ის ჰეროიკული ეპოქა, რომლის შედეგადაც სამშენებლო განყოფილება იქცა საქართველოს უმაღლესი  პოლიტექნიკური განათლების ფუძემდებლურ კერად.

პოლიტექნიკურმა ფაკულტეტმა ფუნქციონირება დაიწყო 1922 წლის თებერვლიდან, იმ დროისთვის ფაკულტეტზე ირიცხებოდა 40 სტუდენტი.

ფაკულტეტის პედაგოგიური კოლექტივის ძირითად ბირთვს შეადგენდნენ ქართველი სპეციალისტები, რომლებიც საქართველოში მუშაობდნენ ან მოწვეული იყვნენ რუსეთიდან. ქართული ინჟინერიის სამჭედლო კერის შექმნას მუხლჩაუხრელად ემსახურებოდნენ აგრეთვე უნივერსიტეტის სხვადახვა კათედრები (მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის და სხვა).

იმ დროისათვის განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენდა სპეციალურ დისციპლინებში ლექციების  ქართულ ენაზე წარმართვა, რადგანაც ლექტორთა აბსოლუტურ უმრავლესობას განათლება უცხო ენაზე ჰქონდა მიღებული  და  შესაბამისად  არ არსებობდა სამეცნიერო  ტერმინოლოგია. ამიტომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ და საზოგადოებრიობის მოწინავე წარმომადგენლებმა (ნ.ნიკოლაძე და სხვანი) ტიტანური შრომის შედეგად მოკლე დროში გადაწყვიტეს ეს უმძიმესი პრობლემა. მათ, ერთობლივი დაუღალავი შრომის შედეგად შეძლეს ფაკულტეტის დაკომპლექტება პროფესორ-მასწავლებელთა იმ კადრებით, რომელთაც შეეძლოთ ქართულ ენაზე საინჟინრო დისციპლინების წაყვანა და იმავდროულად გამოსცეს ნაშრომი  „ტექნიკური ტერმინოლოგია“. მომდევნო ხანებში ტერმინოლოგიაზე მუშაობა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმედ იქნა აღიარებული და  მისი განვითარება-სრულყოფა სახელმწიფო-სამეცნიერო საბჭოს დაევალა. ქართული სამეცნიერო-ტექნიკური ტერმინოლოგიის  სათავეებთან იდგნენ: ივ.ჯავახიშვილი, გ.ნიკოლაძე და სხვა მოღვაწეები, რომელთაც წარუშლელი კვალი დატოვეს  მეცნიერებაში.

ინჟინერ-მშენებელთა თაობები მადლიერების გრძნობით იხსენიებენ:  ა.რაზმაძის, გ.ნიკოლაძის, ა.ბენაშვილის, ი.მოსეშვილის, ნ.მუსხელიშვილის, ა.ხარაძის, გ.მუხაძის, ი.თულაშვილის, გ.ჩუბინიშვილის, ი.ესმანის, ნ.გვარამაძის, გ.გრინევსკის, ლ.დიასამიძის, ა.კალგინის, მ.მაჭავარიანის, ალ.ჩიქოვანის, ბ.ჭიჭინაძის, პ.ხელთუფლიშვილის, გ.ქურდიანის, ა.გულისაშვილის, გ.ამირეჯიბის, გ.სინაჟენსკის და სხვათა სახელებს. ესენი   ის ადამიანებია, რომელთაც პირველებმა საკუთარ თავზე იტვირთეს სიმძიმე და პასუხისმგებლობა იმ დიადი საქმის საწყისისა, რომელსაც  ქართული ინჟინერიის სკოლის შექმნა და ჩამოყალიბება ჰქვია.  

იმ ეპოქაში, ჩვენი ქვეყნის სახალხო მეურნეობა საინჟინრო-ტექნიკური კადრების მწვავე ნაკლებობას განიცდიდა.  საქმის  არსში კარგად გარკვეული ფართო  საზოგადოებრიობა დიდის მღელვარებით ელოდა  პირველი ქართული საიჟინრო სკოლის კადრების მოვლინებას სამოღვაწეო ასპარეზზე.  ფაკულტეტის დაარსებიდან ექვსი წლის შემდეგ, ასრულდა დიდი ილიას ოცნება საქართველოში საინჟინრო კადრების აღზრდის თაობაზე. 1928 წელს საქართველოს უმაღლესი სკოლის ისტორიაში პირველად შედგა სადიპლომო პროექტის დაცვა. ათ საფუძვლიანად განსწავლულ ინჟინერს შორის, რომელთაც წარმატებით დაიცვეს სადიპლომო ნაშრომები, მხოლოდ ორი იყო მშენებელი. 

სადიპლომო პროექტების პირველი ეროვნული დაცვები  საჯარო იყო, მას ბევრი დაინტერესებული პირი ესწრებოდა და პროცესი ნამდვილ ზეიმად იყო ქცეული. ამ ფაქტს  უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. ვინაიდან  ამ მოვლენით ქართული საინჟინრო სკოლის ფუძემდებლებმა ყველას მკაფიოდ დაანახეს, რომ ქართულ ენაზე შესაძლებელი იყო  უმაღლესი ტექნიკური კვლიფიკაციის სპეციალისტთაA მომზადება. ამ ამბით აღფრთოვანებული Pპროფესორი გ.წულუკიძე სრულიად საქართველოს ამცნობდა: “1928 წელი ქართული ტექნიკისთვის და შეიძლება თამამად ითქვას, მთელი ქვეყნის მომავალი კულტურული ცხოვრებისთვის ღირშესანიშნავ თარიღად უნდა ჩაითვალოს. მოხდა ის, რასაც რამოდენიმე წლის წინათ, მხოლოდ ოცნების საგანს წარმოადგენდა და თვით პოლიტექნიკური ფაკულტეტის გახსნის შემდეგაც ბევრს მეტად სათუოოდ მიაჩნდა.  ყოფილი რუსეთის იმპერიის ეროვნულ უმცირესობათა შორის ჩვენ ვართ პირველნი მთელ საბჭოთაA კავშირში, რომლებმაც შევძელით ამ დიდი შესაძლებლობის გამოყენება”.

1928 წელსვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოეყო პოლიტექნიკური ფაკულტეტი და მის ბაზაზე დაარსდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მალე მის შემადგენლობაში შევიდა იმჟამად  უკვე არსებული რუსული პოლიტექნიკური ინსტიტუტი.ამ უკანასკნელში არსებული სამშენებლო განყოფილება გარდაიქმნა სამშენებლო ფაკულტეტად ქართული და რუსული სექტორებით. ფაკულტეტის დეკანის მოვალეობას ასრულებდა პროფესორი კ.ზავრიევი.

1930 წელს პოლიტექნიკური ინსტიტუტისგან დარგობრივი ინსტიტუტების გამოყოფასთან დაკავშირებით, სამშენებლო ფაკულტეტის ბაზაზე დარსდა საქართველოს სამშენებლო-საინჟინრო ინსტიტუტი, ხოლო მის პარალელურად მოქმედება დაიწყო ინჟინერ-მშენებელთაA მომზადების მეორე კერამ, ა/კ რკინიგზის საინჟინრო ინსტიტუტმაც,

1930-იან წლებში ჩატარდა დარგობრივი ინსტიტუტების  გამსხვილება: სამშენებელო და ელექტრომექანიკური ინსტიტუტის ბაზაზე დაარსდა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი. რომლის რეორგანიზება მოხდა მალე  ამიერკავკასიის ინდუსტრიულ, ხოლო 1936 წლიდან –  კვლავ საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტად. 1947 წლიდან კი მას საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ეწოდა.

1959 წელს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან, რკინიგზის საინჟინრო ინსტიტუტის  შეერთების შედეგად სამშენებლო ფაკულტეტი კიდევ უფრო გაფართოვდა. იგი იმჟამად უკვე ამზადებდა:  არქიტექტორებს,  სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობებისთვის ინჟინერ-მშენებლებს, ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსებს, ინჟინერ-მშენებელ სანტექნიკოსებს, ავტო-საგზაო მშენებლობის ინჟინრებს.

1960-იან წლებში ახალ მოთხოვნათა შესაბამისად ფაკულტეტზე გაიხსნა ორი  სპეციალობა: “თბოაირმომარაგება და ვენტილაცია” (1963 წ) და “სამშენებლო ნაკეთობათა და კონსტრუქციების წარმოება” (1967 წ.). რომელთაგან პირველი ამზადებდა ინჟინერ-მშენებლებს თბოაირმომარაგებისა და სამრეწველო ვენტილაციის დარგში, ხოლო მეორე – ინჟინერ-მშენებელ ტექნოლოგებს სამშენებლო ინდუსტრიის ისეთი მნიშვნელოვანი დარგისთვის, როგორიცაა ბეტონისა და რკინაბეტონის ასაწყობი კონსტრუქციების წარმოება.

ზრდის ინტენსიურმა პროცესმა განაპირობა იმის აუცილებლობაც, რომ სამშენებლო ფაკულტეტისგან  1969 წელს გამოიყო ჯერ არქიტექტურული, ხოლო  1971 წელს ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტები. ფუნდამენტურ ცვლილებათა შედეგად სამშენებლო ფაკულტეტზე დარჩა მხოლოდ ორი სპეციალობა: “სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა” და “სამშენებლო ნაკეთობათა და კონსტრუქციების წარმოება”.  1976 წელს მათ დაემატა საინჟინრო-პედაგოგიური სპეციალობა “მშენებლობა”, რომელიც საშუალო სპეციალური და პროფტექნიკური სასწავლებლებისთვის ამზადებდა სამშენებლო დისციპლინების ინჟინერ-მასწავლებლებს.

2000 წელს შეიქმნა ახალი N122 „ნაგებობათა ტექნიკური დიაგნოსტიკის და ტექნიკური ექსპერტიზის“ კათედრა. ამ კათედრის ძირითადი მიმართულება ნაგებობათა კვლევა, დიაგნოსტიკა და ტექნიკური ექსპერტიზაა, რაც დღეს ძალზე აქტუალური და საჭიროა ჩვენი ქვეყნისა და განსაკუთრებით თბილისისათვის.

სამშენებლო ფაკულტეტმა თავისი არსებობის მანძილზე დღის, საღამოსა და დაუსწრებელი სწავლების განყოფილებებზე მოამზადა 150000 ათასზე მეტი  სპეციალისტი.

სხვადასხვა დროს  ფაკულტეტს ხელმძღვანელობდნენ დეკანები: გ.მუხაძე, შ.ცოტაძე, პ.ურიდია, დ.დოლიძე, ა.კაკუშაძე, ქ.ანდღულაძე, ნ.დანელია, გ.ნინუა, ლ.გველესიანი, მ.ადეიშვილი, რ.იმედაძე, გ.ლაღუნდარიძე, ზ.გედენიძე. დეკანის მოადგილეებად მუშაობდენ: დ.მეგრელიშვილი, ბ.დოლიძე, გ.ყიფიანი, ბ.ტოგონიძე, ა.ბერიშვილი, ნ.მოწონელიძე, დ.კერესელიძე, ნ.ქუთათელაძე, ს.ვახტანგაძე, ნ.კუჭაიძე, გ.ჯაფარიძე, ა.ბერაია, ვ.ჯავახიშვილი, გ.მახარაძე, გ.ლაღუნდარიძე, გ.იოსებაშილი, მ.დეკანოსიძე. ამჟამად ფაკულტეტის დეკანია პროფესორი დ.გურგენიძე, ხოლო დეკანის მოადგილეები: ი.ქადარია და ნ.მურღულია.

სამშენებლო ფაკულტეტიდან გამოყოფილ ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტის დეკანების თანამდებობები ეკავათ: ი.ამაღლობელს, ნ.მოწონელიძეს, თ.ამბროლაძეს, ვ.ჩხაიძეს, ზ.დანელიას, ლ.ღოღელიანს. ხოლო დეკანის მოადგილეებად მოღვაწეობდნენ: მ.ლომიძე, ი.ქადარია, თ.ამბროლაძე…..

სამშენებლო ფაკულტეტის  აღზრდილები ნაყოფიერად მოღვაწეობდნენ და მოღვაწეობენ, როგორც საკუთრივ საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. განვლილი წლების მანძილზე ბევრი მათგანი გახდა: სახელმოხვეჭილი მეცნიერი, ახალმშენებლობების, საპროექტო-საკონსრუქტორო ბიუროების და სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების ხელმძღვანელი. სამშენებლო ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა მიერ საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაში იქნა დაპროექტებული და აგებული მრავალრიცხოვანი სამოქალაქო, სამრეწველო, კომუნალური საცხოვრებელი შენობები და ნაგებობები, ჰიდროტექნიკური და სატრანპორტო დანიშნულების ობიექტები.

სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების დიდი ნაწილი მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომის დროს მიმდინარე საომარ ოპერაციებში. მათ  მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კაცობრიობის საშინელი მტრის მიხაკისფერი ჭირის დამარცხების საქმეში. სამშენებლო ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა შორის იყვნენ საბჭოთა კავშირის გმირები:  პროფესორი და კათედრის გამგე ი.ციციშვილი; ცნობილი ინჟინერ-მშენებლები კ.უკლება და თ.ჯაფარიძე; საბჭოთა კავშირის საინჟინრო ჯარების მარშალი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ა.გელოვანი.

ეროვნული მოძრაობის ზეობის ჟამს 1990 წლის 5 იანვარს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომლის პირველი რექტორად აირჩიეს პროფესორი გ.ჩოგოვაძე. ხოლო სამშენებლო ფაკულტეტის დეკანად პროფესორი რ.იმედაძე.

სამშენებლო ფაკულტეტის  მეცნიერულ-პრაქტიკული სამუშაოების წარმართვის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის ამავე ფაკულტეტის კურსდამთავრებულს, სტუ-ს სასწავლო-მეთოდური სამმართველოს, ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრის, წყლის რესურსების დაცვის და რაციონალური გამოყენების  სამთავრობო-საკონსულტაციო საბჭოს უფროსს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის კომიტეტის წევრს, სამშენებლო ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს, უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს, პროფესორ ლევან კლიმიაშვილს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფლაგმანის სამშენებლო ფაკულტეტის სათავეში ამჟამად დგას პროფესორი დ.გურგენიძე, რომელიც ღირსეულად აგრძელებს ფაკულტეტის ტრადიციებს.

 

 

ფაკულტეტი დღეს

 

სამშენებლო ფაკულტეტზე ამჟამად 2500-ზე მეტი სტუდენტია. ყოველწლიურად ფაკულტეტის I კურსზე ირიცხება 600-მდე სტუდენტი, რომლებიც მე-III კურსიდან გადანაწილდება ფაკულტეტის 9 დეპარტამენტში. ეს დეპარტამენტებია:

  1. სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტი;

დეპარტამენტი ძირითადად მუშაობს შემდეგი მიმართულებებით:

ა)            სამოქალაქო და სამრეწველო შენობა-ნაგებობის სამშენებლო კონსტრუქციების დაპროექტება;

ბ)           საქალაქო მეურნეობა და მშენებლობა;

  1. სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის წარმოების ტექნოლოგიის და საშენი მასალების დეპარტამენტი;

დეპარტამენტი ძირითადად მუშაობს შემდეგი მიმართულებებით:

ა)            მშენებლობის წარმოების მართვა;

ბ)           საშენი მასალები და ნაკეთობები.

  1. საინჟინრო მექანიკისა და მშენებლობის ტექნიკური ექსპერტიზის დეპარტამენტი.

დეპარტამენტი ძირითადად მუშაობს შემდეგი მიმართულებებით:

ა)            თეორიული მექანიკა;

ბ)            მასალათა გამძლეობა და დრეკადობის თეორია;

გ)            სამშენებლო მექანიკა და ნაგებობათა სეისმომედეგობა;

დ)           ნაგებობების დიაგნოსტიკა და ტექნიკური ექსპერტიზა;

  1. ჰიდროინჟინერიის დეპარტამენტი:

დეპარტამენტის მუშაობის ძირითადი მიმართულებებია:

ა)            სამდინარეო ნაგებობების ჰიდროტექნიკური მშენებლობა;

ბ)           ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა და მართვა;

გ) საზღვაო ნავსადგურებისა და კოკნტინენტური შელფის ნაგებობების მშენებლობა;

დ)          აგრომელიორაცია, ჰიდრომელიორაცია.

  1. წყალმომარაგების, წყალარინება, თბოაირმომარაგებისა და შენობათა საინჟინრო აღჭურვის დეპარტამენტი;

დეპარტამენტი ძირითადად მუშაობს შემდეგი მიმართულებებით:

ა)            წყალმომარაგება, წყალარინება, წყლის რესურსების რაციონალური გამოყენება და დაცვა;

ბ)           შენობების საინჟინრო აღჭურვა;

გ)           თბოაირმომარაგება და ვენტილაცია.

  1. საგზაო დეპარტამენტი;

დეპარტამენტის მუშაობის სფერო მოიცავს შემდეგი მიმართულებებს:

ა)            რკინიგზის მშენებლობა, ლიანდაგები და სალიანდაგო მეურნეობა;

ბ)           საავტომობილო გზების და აეროდრომების მშენებლობა;

გ)           ხიდები და სატრანსპოკრტო გვირაბები.

  1. მშენებლობის კომპიუტერული დაპროექტების დეპარტამენტი;

დეპარტამენტის ძირითადი მიმართულებაა:

ა)            კომპიუტერული დაპროექტების სისტემები მშენებლობაში.

  1. მშებელობის ეკონომიკის და მენეჯმენტის დეპარტამენტი;

დეპარტამენტი ძირითადად მუშაობს შემდეგი მიმართულებებით:

ა) მშენებლობის წარმოების მართვისა და ეკონომიკის დეპარტამენტი;

ბ) მშენებლობის ეკონომიკა და მენეჯმენტი;

  1. სამშენებლო მანქანების დეპარტამენტი.

ძირითადი მიმართულება:

სამშენებლო მანქანების გაანგარიშება, დაპროეტება, ექსპლოატაცია.

აღნიშნული დეპარტამენტების მუშაობას ხელმძღვანელობს ფაკულტეტის საბჭო და მისი თავმჯდომარე, დეკანი პროფესორი დავით გურგენიძე.  სამშენებლო ფაკულტეტის დეპარტამენტები აერთიანებენ 283 თანამშრომელს, რომელთა შორის: 55 ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორია, 53 ასოცირებული პროფესორი, 25 ასისტენტ პროფესორი, …10 უფროსი მასწავლებელი, 3 ლაბორატორიის გამგე, 14 ინჟინერი-ტექნიკური მუშაკი. გარდა ძირითადი კადრებისა, მშენებელთა აღზრდის საქმეში ჩართულია სამშენებლო წარმოებიდან და საპროექტო ინსტიტუტებიდან   მოწვეული   თერთმეტი პროფესორ-სპეციალისტი.

წარსულში მაღალკვალიფიციურ ინჟინერთა კადრების  ფორმირებისათვის ფაკულტეტზე ფუნქციონირებდა სახელმწიფო-საგამოცდო კომისია, რომელიც წარმართავდა სადიპლომო პროექტების დაცვის საპასუხისმგებლო საქმეს. სახელმწიფო საგამოცდო კომისიებს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ ცნობილი სპეციალისტები: გ.მუხაძე, დ.დემეტრაძე, მ.გულუა, გ.ვაშაკიძე, ბ.ლორთქიფანიძე, თ.გეგელია, ვ.ნიჟარაძე, ვ.ჩხაიძე, ა.თარგამაძე, დ.შავიშვილი, ი.ანდრიაძე, ტ.მანჯგალაძე, ო.კვიცარიძე, გ.ოკუჯავა, ო.თუხარელი, ო.ყანჩაველი, გ.მებუკე, თ.ბოკერია, რ.თოფურია, ი.ურუშაძე, დ.გურგენიძე……

საქართველოში ამჟამად  არსებული სამშენებლო-საწარმოო ორგანიზაციები, საპროექტო ინსტიტუტები, საკვლევი-სამეცნიერო დაწესებულებები  თითქმის მთლიანად სამშენებლო ფაკულტეტის კურსდამთავრებულებითაა დაკომპლექტებული. მათ შორის მრავალია გამოჩენილი მეცნიერ-მუშაკი და ინჟინერი. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ  ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის  სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების აბსოლუტურ უმრავლესობას სწორედ აღნიშნული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და აქვე არიან მომზადებულნი სამეცნიერო მუშაობისათვის.

ფაკულტეტზე ჩამოყალიბებულია მძლავრი სამეცნიერო-პედაგოგიური კოლექტივი, რომელიც ქვეყნის  საინჟინრო კადრებით მშენებლობის უზრუნველყოფასთან ერთად წარმატებით მონაწილეობს ქვეყნის სამეცნიერო-ეკონომიკური განვითარების  საკითხების გადაწყვეტაში. ფაკულტეტის კათედრების სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგად დამუშავებულია: ვლასოვ-კანდროვიჩის მეთოდის განზოგადოება ფილების გაანგარიშებისთგვის; თაღოვანი კაშხლების გაანგარიშების თეორია; სივრცითი სისტემების სეისმედეგობა; სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების ნაგებობათაA სამშენებლო კონსტრუქციების ანგარიშის მეთოდების სრულყოფის საკითხები; ახალი რაციონალური სამშენებლო კონსტრუქციების შექმნისა და ექსპერიმენტული გამოკვლევების ამოცანები, მათი საიმედოობისა და ხანმედეგობის მოთხოვნათა გათვალისწინებით;  შრომატევადობის რეზერვების გამოვლენა საქართველოს პირობებში და ეკონომიური შეფასება; ენერგომშენებლობის ობიექტებზე რკინაბეტონის მასივების დაბეტონების უწყვეტი ორგანიზაცია კონვეიერული მოწყობილობის გამოყენებით; საქართველოს ტერიტორიაზე გრუნტის სამშენებლო თვისებების შესწავლა; სუსტ გრუნტებზე საძირკვლების მოწყობისა და ხიმინჯოვანი საძირკვლების გაანგარიშების ზოგიერთი ექსპერიმენტული ამოცანის რიცხვითი ამოხსნა; კოშკის გულიანი ინტეგრალური აპროქსიმაციის სქემები და მათი გამოყენების მათემატიკური ფიზიკის ზოგიერთი ამოცანის რიცხვითი ამოხსნისთვის; მძიმე ბეტონის თვისებების (სუპერპლასტიკატორების) გამოყენებით და მაღალი სიმტკიცის ბეტონის მიღება; კომპლექსური დანამატების გამოყენებით მსუბუქი ბეტონის წყალმედეგობის თვისებების მიღწევა: ადგილობრივი ნედლეულის და წარმოების ნარჩენების გამოყენებით შექმნილი მცირეცემენტიანი და უცემენტო ბეტონის კვლევა და სხვა მრავალი.

ჩატარებული ექსპერიმენტული და სამეცნიერო–თეორიულ კვლევების შედეგების დანერგვასა და რეალიზაციას მნიშვნელოვანი წარმატებები მოაქვს  საქართველოს ეკონომიკისათვის. ფაკულტეტზე შექმნილია სადისერტაციო საბჭო, სადაც დისერტაციების დაცვა წარმოებს შემდეგ სპეციალობებში: სამშენებლო კონსტრუქციები, სამშენებლო მასალები და ნაკეთობანი,  სამშენებლო მექანიკა, კომპიუტერული გაანგარიშების მეთოდები, მშენებლობის ექსპერტიზა და სხვა.

კადრების სწავლების ეფექტურობისა და ხარისხოვანი მაჩვენებლების ზრდისათვის ზრუნვის მკაფიო დადასტურებაა ქართულ ენაზე ტექნიკური ლიტერატურის გამოცემის მდიდარი ტრადიციები. უნდა აღინიშნოს, რომ პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე შეიქმნა ჯერ კიდევ თბილისს უნივერსიტეტში პოლიტექნიკური ფაკულტეტის არსებობის პერიოდში ეს იყო ა.ჩიქოვანის “მასალათა გამძლეობის მოკლე კურსი”. მომდევნო ხანებში ქართულ ენაზე პირველ სახელმძღვანელოთა შექმნაში დიდი წვლილი შეიტანეს ცნობილმა მეცნიერებმა და პედაგოგებმა: გ.ანდრონიკაშვილმა, გ.მუხაძემ, გ.ომაძემ, დ.მშვენიერაძემ და მრავალმა სხვამ.

საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში სამშენებელო კადრების მომზადებაში განსაკუთრებული წვლილი  შეაქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამშენებლო ფაკულტეტს. ამის ნათელი  დადასტურებაა სამშენებლო  ფაკულტეტის პროფესორების რ.იმედაძისა და  ნ.მეფარიშვილის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებულ უმაღლესი განათლების რეფორმების აკრედიტაციის ცენტრის წევრობა.

ბოლო ხანებში ფაკულტეტზე გააქტიურებულია სპეციალობების მიხედვით სახელმძღვანელოებისა და დამხმარე სახელმძღვანელოების შექმნა. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევიან თეორიული მექანიკის, მასალათა გამძლეობის, მშენებლობის ტექნოლოგიის, შენობა-ნაგებობების დიაგნოსტიკისა და ესქპერტიზის სამშენებლო კონსტრუქციების და სხვა მიმართულებები.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ფაკულტეტის ხელმძღვანელობის ზრუნვა ლაბორატორიული ბაზის სრულყოფისათვის. დიდი შრომის შედეგად ფუნქციონირებს სამი თანამედროვე ლაბორატორია, სადაც ტარდება  ლაბორატორიული სამუშაოები. ბოლო პერიოდში  ექსპლოატაციაში შევიდა სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, სადაც სამუშაოებს ატარებენ ბაკალავრები  და  მაგისტრანტები.

არსებული პროექტით სულ მალე დაიწყება  ჰიდროტექნიკური პროფილის ლაბორატორიის მშენებლობა, რომელიც შესაბამისობაში იქნება თანამედროვე მსოფლიო სტანდარტებთან.

ფაკულტეტზე მომეტებული ყურადღება ექცევა  მეცნიერული ცოდნის თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად გადაცემა-შეთვისების პროცესს. რაც უპირველესად გულისხმობს  სწავლებაში უახლესი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი სპეციალიზირებული აუდიტორიების მოწყობას. უკვე არსებული ტექნიკურ-საგანმანათლებლო აუდიტორიები ატარებენ ცნობილ მეცნიერთაA და საზოგადო მოღვაწეთა: პროფესორ ჯ.ბახტაძის, პროფესორ მ.მიქელაძის, პროფესორ ლ.გველესიანის, პროფესორ გ.ქარცივაძის, პროფესორ ა.რაზმაძის, პროფესორ დ.დოლიძის, პროფესორ ნ.დანელიას, პროფესორ ნ.მოწონელიძის, პროფესორ ზ.გედენიძის, პროფესორ ლ.დიასამიძის, პროფესორ ა.ზედგენიძის, პროფესორ ა.ჭანტურიას, პროფესორ მ.თოდუას, პროფესორ ნ.როინიშვილის სახელებს.

ყურადღებას იპყრობს თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში არსებული  სამშენებლო ფაკულტეტის ბიბლიოთეკა, სადაც ყველა პირობაა შექმნილი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ბიბლიოთეკა   მსოფლიოს ცნობილ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების გვერდით დგას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტს კარგად აქვს გააზრებული ქვეყნის მომავლის წინაშე არსებული ამოცანები. ამიტომაც ფაკულტეტის თანამშრომელთა მიერ იხვეწება სასწავლო გეგმები და პროგრამები, უმჯობესდება სწავლების მეთოდები.

 სასწავლო-ამღზრდელობითი პროცესისადმი სისტემური მიდგომა განაპირობებს მის ორგანიზაციულ-მეთოდური დონის უწყვეტ ამაღლებას, მდიდრდება სტუდენტთა მსოფლმხედველობრივი, ზნეობრივი, ესთეტიკური აღრზდის ფორმები სწავლების პროცესში. სულ უფრო და უფრო ფართოდ, განსაკუთრებით კი, საკურსო  გეგმარებაში სტუდენტები იყენებენ  თანამედროვე კომპიუტერულ ტექნიკას. საყურადღებოა ავტომატიზირებული სისტემათა სასწავლო პროცესისა და მეცნიერულ მუშაობაში დამკვიდრებისკენ აღებული სწორი გეზი.

2006 წელს ფაკულტეტზე შეიქმნა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. მას  თავდაპირველად ხელმძღვანელობდა პროფესორი რ.იმედაძე.   2009 წლიდან დღემდე ამ სამსახურს სათავეში უდგას პროფესორი მ.ჯავახიშვილი. სამსახური განაგრძობს ენერგიულად მუშაობას რათა სრულფასოვნად მოხდეს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ახალი თანამედროვე სასწავლო პროგრამების დამუშავება – გაუმჯობესება. სასწავლო პროგრამების დამუშავებისას გათვალისწინებულია თანამედროვე სწავლების ევროპული და მსოფლიო მიღწევები, რაც კიდევ უფრო ეფექტურს ხდის სტუდენტების, მაგისტრებისა და დოქტორანტების მომზადების დონეს.

დიდ ყურადღებას იმსახურებს სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობა, რომელიც სასწავლო პროცესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. მასში ჩართულია მეცნიერული კვლევის თვისებებით, და ინტერესებით გამორჩეული სტუდენტები, რომლებიც სტუდენტთა მთელი კონტიგენტის მნიშვნელოვანი ნაწილს შეადგენენ.

ტექნიკური უნივერსიტეტის ყოველწლიურ სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენციაში სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტები მნიშვნელოვან შედეგებს აღწევენ. მაგისტრანტებისა და დოქტორანტების სამეცნიერო ნაშრომები მიძღვნილია მშენებლობის აქტუალური პრობლემებისადმი. მათზე მუშაობა წარმოებს ფაკულტეტის გამოცდილი პროფესორ-მასწავლებლების ხელმძღვანელობით.

მოწინავეთა პოზიციებს არ თმობს ფაკულტეტის სტუდენტთა მხატვრული თვითშემოქმედების კოლექტივი, რომელიც წარმატებით გამოდიოდა და გამოდის სხვადასხვა ღონისძიებებზე.

ფაკულტეტს ყოველთვის ჰყავდა შესანიშნავი სპორტსმენები, რომელთაც მრავალჯერ ღირსეულად დაუცავთ ჩვენი უნივერსიტეტისა და ქვეყნის სახელი.

ფაკულტეტზე სწავლობს სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის წარმომადგენელი. მათგან, 40–მდე სტუდენტი უცხოელია. ისინი მრავალ საინტერესო ერთობლივ ღონისძიებაში მონაწილეობენ და  ერთმანეთთან აქვთ მრავალფეროვანი შემოქმედებითი კავშირები.

სტუდენტობასთან სასწავლო, კულტურულ და სპორტულ  მუშაობაში აქტიურადაა ჩართული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა.

ფაკულტეტს მრავლად ჰყავს წარჩინებული სტუდენტები, რომელთა სწავლაც ფინანსდება ქართული სახელმწიფოს მიერ.