ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ ყურადღება გაამახვილა იმ მრავალწლიან გამოცდილებაზე, რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გააჩნია. დეკანის თქმით, სამშენებლო ფაკულტეტის ადმინისტრაცია გაეცნობა პოტსდამის ტექნიკური უნივერსიტეტის შესაძლებლობებს და განიხილავს იმ სარგებელს, რისი მიღებაც ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პოტსდამის უნივერსიტეტში სწავლით იქნება შესაძლებელი.
„გვინდა იცოდეთ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 24 000 აქტიური სტუდენტია, სამშენებლო ფაკულტეტის პროგრამებზე კი – 3000 სტუდენტი სწავლობს. ყველა წარმატებული სტუდენტი სტაჟირებას სერიოზულ კომპანიებში გადის და საბოლოო ჯამში, წარმატებით საქმდება. ასევე, გვინდა იცოდეთ, რომ ჩვენი სამშენებლო ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა მიერაა აშენებული ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრი ქალაქი. ჩვენი უნივერსიტეტი დღესაც ერთ-ერთი დიდი უნივერსიტეტია პოსტსაბჭოთა სივრცეში. გვინდა იცოდეთ ისიც, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები პოტსდამის მშენებლობაშიც იღებდნენ მონაწილეობას. ტექნიკური უნივერსიტეტი 200-ზე მეტ საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს – გვაქვს პროფესიული, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, ასევე, პოსტსადოქტორო პროგრამებიც. ჩვენი მეცნიერები მონაწილეობენ CERN-ისა და იაპონიის KEK-ის საერთაშორისო მეგაექსპერიმენტებში, ვთანამშრომლობთ იულიხის კვლევით ცენტრთან, მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს პოლონეთის უნივერსიტეტებთან და საერთო პროგრამებზე ვმუშაობთ. იგივე შეგვიძლია ვთქვათ იტალიისა და ესპანეთის უნივერსიტეტების შესახებ. ფაქტობრივად, მსოფლიოს ყველა წამყვან ტექნიკურ უნივერსიტეტთან ვართ ინტეგრირებული. ჩვენს სტუდენტებს თავისუფლად შეუძლიათ უცხოელ სტუდენტებთან ერთად სწავლა. გარდა ამისა, გვაქვს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, რომლებსაც ევროპელ კოლეგებთან ერთად ვახორციელებთ და შესაბამისად, სტუდენტები ორმაგ დიპლომებს იღებენ. მნიშვნელოვანია, რომ სამშენებლო ფაკულტეტი აღჭურვილია უახლესი სასწავლო, საცდელი და სამეცნიერო ლაბორატორიებითა და ტექნიკით. ორი კვირის წინ ავსტრიიდან ჰიდროტექნიკური ნაგებობებისთვის განკუთვნილი უახლესი სასწავლო ტექნიკა-დანადგარები მივიღეთ. დარწმუნებული ვართ, მსგავსი აღჭურვილობა პოტსდამის ტექნიკურ უნივერსიტეტში არ იქნება, რადგან ეს უახლესი ტექნიკა, ჯერჯერობით, ავსტრიის უნივერსიტეტებშიც არ არის დანერგილი. ასევე, უკვე მწყობრში შედის ახალი ხიდსაცდელი ცენტრი, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი პირველი იქნება“, – აღნიშნა დავით გურგენიძემ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პოტსდამის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო ინფრასტრუქტურას, ლაბორატორიებსა და ბიბლიოთეკას გაეცნენ, ასევე, პალეონტოლოგიის მუზეუმი და უნიკალური სასწავლო შახტი-ლაბორატორია დაათვალიერეს.