საინჟინრო მექანიკის და მშენებლობის ტექნიკური ექსპერტიზის დეპარტამენტი
საინჟინრო მექანიკისა და მშენებლობის ტექნიკური ექსპერტიზის დეპარტამენტი სასწავლო პროცესში იყენებს შემდეგ ლაბორატორიებს
მასალათა გამძლეობის ლაბორატორია
მასალათა გამძლეობის ლაბორატორიას საფუძველი ჩაეყარა კათედრის დაარსების პერიოდიდან 1928-30 წლებში. 2011 წელს მასალათა გამძლეობისა და საშენი მასალების ლაბორატორიის ბაზაზე შეიქმნა სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორია რომელიც აღიჭურვა თანამედროვე მანქანა-დანადგარებით, რაც განსაზღვრავს ახალი საინფორმაციო სისტემების და ტექნოლოგიების გამოყენებაs სასწავლო პროცესში.
მასალათა გამძლეობა დაფუძნებულია თეორიულ და ექსპერიმენტულ ბაზაზე. საგნის ექსპერიმენტული და თეორიული ნაწილების მნიშვნელობა ერთმანეთის ტოლფასია. ექსპერიმენტის გარეშე შეუძლებელია თეორიის შექმნა და პირიქით, ექსპერიმენტი კარგავს თავის მიზანს, თუ თეორიამ არ დასვა გარკვეული საკითხი და არ აჩვენა თუ რა მიმართულებითაა შედეგი მოსალოდნელი. მასალათა გამძლეობის ლაბორატორიული სამუშაოების საშუალებით ხდება თეორიულ კურსში გაშუქებული საკითხების ფიზიკური არსის ილუსტრაცია
საინჟინრო გეგმარების ამოცანის გადაწყვეტისას, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მასალის მექანიკური მახასიათებლების, სიმტკიცისა და სიხისტის განსაზღვრა და მასალის ვარგისიანობის დადგენა ამა თუ იმ კონსტრუქციისთვის.
მასალათა გამძლეობის თეორია, როგორც წესი, ამარტივებს ნამდვილ მოვლენას და სქემატურად წარმოგვიდგენს მათ. ამის გამო, ყოველი თეორიული დასკვნა საჭიროებს ექსპერიმენტულ შემოწმებას.
მასალათა გამძლეობის ლაბორატორიული პრაქტიკუმის მიზანია სტუდენტს გამოუმუშავოს მასალების სიმტკიცისა და პლასტიკურობის მახასიათებლების, კონსტრუქციების სიმტკიცისა და სიხისტის ექსპერიმენტული განსაზღვრის ჩვევები, აგრათვე გააცნოს, თანამედროვე საცდელი მანქანები, დეფორმაციები და გადაადგილებები, საზომი ხელსაწყოები და აპარატურა. ამასთან, ლაბორატორიული სამუშაოების საშუალებით ხდება თეორიულ კურსში გაშუქებული საკითხების ფიზიკური არსის ილუსტრირება და იმ ჰიპოთეზების მართებულობის დასაბუთება, რომლებიც საფუძვლად უდევს თეორიულ დასკვნებს; ასევე კურსი მოიცავს მთელი რიგი საანგარიშო ფორმულების შემოწმებას, კონსტრუქციების ელემენტების დეფორმირებული და დაძაბული მდგომარეობის თვალსაჩინოდ წარმოდგენას.
ლაბორატორიაში სილაბუსის შესაბამისად ტარდება 16 ამოცანა:
- რბილი ფოლადის გამოცდა გაჭიმვაზე
- სხვადასხვა მასალის ნიმუშების გამოცდა კუმშვაზე
- ფოლადის ნიმუშის გამოცდა გაჭიმვაზე დრეკადი დეფორმაციების გაზომვით.
- ლითონის სისალის განსაზღვრა
- ფოლადის ნიმუშის გამოცდა გრეხისას დრეკადი დეფორმაციის გაზომვით
- ხრახნული ზამბარის დეფორმაციის განსაზღვრა
- დეფორმაციის განსაზღვრა კოჭის ღუნვისას
- ერთი ბოლოთი ხისტად ჩამაგრებული კოჭის ჩაღუნვის განსაზღვრა
- ორ საყრდენზე თავისუფლად მდებარე კონსოლებიანი კოჭი
- მუშაობისა და გადაადგილების ურთიერთობის პრინციპების შემოწმება
- სტატიკურად ურკვევი კოჭის საყრდენი რეაქციების ექსპერიმენტული განსაზვრა
- ბრტყელი ჩარჩოს დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის განსაზღვრა სტატიკური დატვირთვის დროს
- სტატიკურად ურკვევი ჩარჩოს თარაზული საყრდენი რეაქციის ექსპერიმენტული განსაზღვრა
- ძაბვის განსაზღვრა არაღერძული გაჭიმვა-კუმშვისას
- დიდი მოქნილობის ღეროს სწორხაზოვანი ფორმის მდგრადობის დაკარგვის მოვლენის შესწავლა
- დეფორმაციის განსაზღვრა გრძივ-განივი ღუნვის დროს
პროფესორა. გორგიძის სახელობის მექანიკის სასწავლო–სამეცნიერო ლაბორატორია
დღევანდელ დღეს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ამა თუ იმ დისციპლინების სწავლების მეთოდების სრულყოფას. ეს იმით არის გამოწვეული, რომ უმაღლესი სასწავლებლების საგანმანათლებლო სივრცეში და სასწავლო პროცესში სულ უფრო ხშირად და ფართოდ დაიწყეს ახალი საინფორმაციო სისტემების და ტექნოლოგიების გამოყენება და მათი დანერგვა სასწავლო პროცესში. ამასთან ერთად მიმდინარეობს უმაღლეს სასწავლებლებში არსებული ლაბორატორიების გადაიარაღება და მათი აღჭურვა ახალი, თანამედროვე დანადგარებით და მოწყობილობებით. გარდა ამისა იქმნება ახალი ლაბორატორიებიც, ვირტუალური ლაბორატორიები დისტანციური და არა მარტო დისტანციური სწავლებისათვის. თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, ლაბორატორიები იქმნება ისეთ დისციპლინებისთვისაც კი სადაც ადრე მხოლოდ ლექციები იკითხებოდა და პრაქტიკული მეცადინეობები ტარდებოდა. ბოლო წლებში ასეთი ნაბიჯები გადადგმულია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის რექტორს არჩილ ფრანგიშვილს მიაჩნია, რომ სრულყოფილი სასწავლო პროცესისათვის აუცილებელია თანამედროვე ლაბორატორიების შექმნა და ჩამოყალიბება. ამის გამო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩამოყალიბებულიყო ლაბორატორია მექანიკაში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 16 დეკემბრის დადგემნილება № 1029 -ით და სენატის 20 დეკემბრის სხდომის № 42 სხდომის გადაწყვეტილება №3 -ით სამშენებლო ფაკულტეტთან ცალკე სტრუქტურულ ერათეულად შეიქმნა „საინჟინრო მექანიკს“ სასწავლო-სამეცნიერო ლაბორეტორია, რომელსაც მიენიჭა სახელმწიფო პრემიის ლაურეატის პროფესორ ალექსი გორგიძის სახელი.
ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, რომლებიც დამზადებულია პოლონეთის რესპუბლიკაში. ლაბარატორიის მიზანი და დანიშნულებაა, რომ ბაკალავრებმა შეიძინონ დიდი ლაბორატორიული გამოცდილება, დაეუფლონ თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდების ფართო სპექტრს, შეიძინონ პრობლემის გადაჭრის უნარი ჯგუფურიმუშაობის პრინციპით.
ლაბორატორია მექანიკაში უნდა განვიხილოთ როგორც საშუალება, რომელიც მისცემს ბაკალავრებს გადწყვიტონ რეალური საინჟინრო ამოცანები.
თეორიული მექანიკა ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ფიზიკა– მათემატიკური დისციპლინა, რომელიც არა მარტო უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლება, არამედ პროფესიულ სასწავლებლებშიც. თეორიული მექანიკის კანონებზეა დაფუძნებული მრავალი თეორიული და საინჟინრო დისციპლინა, როგორიცაა მასალათა გამძლეობა, მანქანებისა და მექანიზმების თეორია, მანქანების ნაწილები, დრეკადობის თეორია, შიგა და გარე ბალისტიკა და მრავალი სხვა.
მომავალში ნავარაუდევია პერსონალური კომპიუტერების დახმარებით ლაბორატორიული პრაქტიკუმების ჩატარება და ახალი ავტომატიზირებული ლაბორატორიული კომპლექსის დამონტაჟება, რაც ხელს შეუწყობს სწავლებისა და სწავლის პროცესის სრულყოფას.