ისტორია 106 2021-11-18T13:39:13+04:00

სამშენებლო კომპიუტერის დაპროექტების დეპარტამენტი

დეპარტამენტის ისტორია

№90 კათედრა „ავტომატიზებული დაპროექტების სისტემები“ დაარსდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 1985 წელს და ყოფილ საბჭოთა კავშირში წარმოადგენდა ერთ–ერთ პირველ კათედრას. იგი გახდა მაპროფილებელი 1986 წლიდან. ამავე წლებში იქმნება ანალოგიური სპეციალობის კათედრები ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრ ქალაქში (მაგ., მოსკოვის სამშენებლო ინსტიტუტში, უკრაინაში, ბელორუსიაში), უცხოეთში (ინგლისში, გერმანიაში, ჰოლანდიაში და ა. შ.), რომლებიც დღესაც დიდი წარმატებით აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას.

სამშენებლო მრეწველობის განუხრელმა ზრდამ სრულიად ახალი მოთხოვნები წაუყენა საპროექტო ორგანიზაციებს და ინსტიტუტებს. მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნილებები საპროექტო დოკუმენტაციის რაოდენობაზე, მათ ხარისხზე. გარდა ამისა, გაიზარდა მოთხოვნები სამშენებლო კონსტრუქციებსა და ნაგებობების სიმტკიცეზე, მდგრადობაზე, ეკონომიურობაზე და სხვა კრიტერიუმებზე, რომლებიც ინჟინრებისაგან მოითხოვენ დასვან და გადაწყვიტონ რთული, მათ შორის, ოპტიმალური ამოცანები. მარტო დამპროექტებელთა რაოდენობის ზრდით შეუძლებელია საპროექტო საქმის შემდგომი პროგრესი. საჭიროა ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციის მკვეთრი ამაღლება, რომლებიც ფლობენ არა მარტო კონსტრუქციებისა და ნაგებობების დაპროექტების ტრადიციულ მეთოდებს, არამედ თანამედროვე კომპიუტერულ ტექნოლოგიებსა და ოპტიმიზაციის მეთოდებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მრავალი ცლდადის მულტიმოდალური ფუნქციის გლობალური ექსტრემუმის მონახვა. ზემოთ აღნიშნული მეთოდების გამოყენების საფუძველზე საჭიროა დამუშავდეს ერთიანი განზოგადოებრივი მიდგომა სამშენებლო კონსტრუქციებისა და ნაგებობების პარამეტრების ოპტიმიზაციის საკითხისადმი, რომლებიც თანამედროვე დაპროექტების რთული ექსტრემალური დაპროექტების ამოცანების გადაწყვეტას უზრუნველყოფს საინჟინრო პრაქტიკაში მისაღები სიზუსტით.

ავტომატიზებული დაპროექტების სისტემების დამუშავების, დანერგვისა და მათი ექსპლუატაციისათვის საჭირო შეიქმნა სრულიად ახალი კატეგორიის სპეციალისტის მომზადება. ისეთი სპეციალისტისა, რომელიც შეძლებდა ამ ამოცანების გადაწყვეტას. სამშენებლო ფაკულტეტზე სწორედ ამ მიზნით გაიხსნა აღნიშნული კათედრა.

კათედრის (მიმართულების) დაარსების მიზანი მდგომარეობდა 2203 სპეციალობის (ინჟინერ–სისტემოტექნიკოსის) ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადება მათი არქიტექტურულ–სამშენებლო დარგში ავტომატიზებული დაპროექტების სისტემების შექმნისათვის და აგრეთვე არსებული სისტემების ექსპლუატაციისათვის (მომსახურებისათვის). 1985 წლიდან არ ხდებოდა ამ პროფილის ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადება, თუმცა დაპროექტების პროცესის ავტომატიზაციის დანერგვაზე მოთხოვნილების ყოველწლიურმა ზრდამ განაპირობა ამ პროფილის სპეციალისტებზე მზარდი მოთხოვნა.

ჩვენთან შემუშავებული სპეციალობის პროგრამის ათვისება საშუალებას აძლევს სტუდენტს ღრმად და საფუძვლიანად დაეუფლოს ინფორმაციის დამუშავების კომპიუტერულ ტექნოლოგიას. ამ დარგის სპეციალისტებს შეეძლებათ მუშაობა ყველგან, სადაც გამოყენებულია დამუშავების მაგნიტური ტექნოლოგია: სამედიცინო და ტექნიკურ–დიაგნოსტიკურ ცენტრებში, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროთა სტრუქტურების ინფორმაციულ ცენტრებში, სამშენებლო წარმოების დარგის საპროექტო, სამეცნიერო–კვლევით და მმართველ ორგანიზაციებში, როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების დამპროექტებლები, დამმუშავებლები, კომპიუტერული ცენტრების ხელმძღვანელები, პროგრამისტები, მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების ადმინისტრატორები და სხვ. ასევე დიდია მოთხოვნილება ჩვენი მიმართულების (ამჟამად დეპარტამენტის) კურსდამთავრებულებზე სამთავრობო და ადმინისტრაციული სტრუქტურების კომპიუტერულ ქვედანაყოფში, საფინანსო და საბანკო სფეროში, უახლესი კომპიუტერული, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ბაზარზე, კომპიუტერული დიზაინის, სარეკლამო და საგამომცემლო ბიზნესში, სატელევიზიო სფეროში და ა. შ.

2011 წლიდან მიმართულება გარდაიქმნა მშენებლობის კომპიუტერული დაპროექტების დეპარტამენტად.

მიმართულების პირველი ხელმძღვანელი და დამაარსებელი იყო პროფ. იუზა ვერულავა (1985–2001 წწ.), 2001 წლიდან 2004 წლამდე (გარდაცვალებამდე) მიმართულებას ხელმძღვანელობდა პროფ. ნიკოლოზ თოდუა, რომელმაც დიდი როლი ითამაშა მიმართულების მატერიალურ–ტექნიკური ბაზის გაძლიერებაში. 2004 წლიდან მიმართულებას ხელმძღვანელობს პროფ. მურმან კუბლაშვილი.

დღეისათვის დეპარტამენტს მჭიდრო ურთიერთობა აქვს დამყარებული ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტთან, ვ. ჭავჭანიძის სახ. კიბერნეტიკის ინსტიტუტთან, რომლებთანაც ერთად დეპარტამენტმა გაიმარჯვა ევროკომისიის ევრო გრანტში (საწყისი დაფინანსება 600 000 €) პროექტის სახელწოდებით „თეთრი ხმაურის კომპიუტერული მოდელირება და მისი გამოყენებები“. ასევე, მურმან კუბლაშვილის ხელმძღვანელობით დეპარტამენტს მიღებული აქვს კიდევ ორი გრანტი: ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების სტანდარტის დადგენა არჩევით საგნად X, XI, XII კლასებში და სწავლა/სწავლების მეთოდოლოგია ზოგადი განათლების სისტემაში. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II საქველმოქმედო ფონდი, 2014-2015 წწ.;

სანაპირო არეებში ტალღურ მოძრაობათა გაანგარიშების გამოყენებითი ანალიზური მეთოდები. რუსთაველის საზოგადოება, 2014-2017 წწ., FR/35/9-120/14, სტუ.

ალბათური მეთოდების გამოყენება დისკრეტული ოპტიმიზაციის და განრიგების თეორიის ამოცანებში. რუსთაველის საზოგადოება, 2018-2021 წწ., №DI-18-1429.

დეპარტამენტს მჭიდრო ურთიერთობა აქვს როგორც დსთ–ს ქვეყნების, ასევე მსოფლიოს სხვა სახელმწიფოთა შესაბამისი პროფილის დეპარტამენტებთან, სამეცნიერო ორგანიზაციებთან და პროფესიულ ასოციაციებთან. წარჩინებული სტუდენტები არარერთხელ იყვნენ მივლინებული გაცვლითი პროგრამის შესწავლის მიზნით ევროპის ქვეყნებში.

ამ კათედრაზე სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ: თეიმურაზ ხუციშვილი, დავით ჯალაღანია, გიორგი შონია, დავით მაისურაძე, მალხაზ აშორდია, ლადო ასათიანი, ვალერი ხვიჩია.

თავისი არსებობის მანძილზე დეპარტამენტმა ძალიან ბევრი სპეციალისტი მოამზადა. ამჟამად იგი ამზადებს როგორც პროფესიულ სწავლებას, ასევე ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის სპეციალისტებს. დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭათ: ხატია გორჯოლაძეს, თამარ კვაჭაძეს, თინათინ მაღრაძეს, ზურაბ კაპანაძეს, მირიან კუბლაშვილს, რომლებიც წარმატებით ეწევიან უნივერსიტეტში პედაგოგიურ საქმიანობას.

სტუდენტებს ემსახურება მძლავრი თანამედროვე კომპიუტერებით აღჭურვილი სასწავლო–სამეცნიერო კომპიუტერული ცენტრი და ორი კომპიუტერული ლაბორატორია. მათ სწავლა–აღზრდის საქმეზე ზრუნავს 5–ზე მეტი მეცნიერებათა დოქტორი, 10–ზე მეტი მეცნიერებათა კანდიდატი და 10–ზე მეტი მასწავლებელი, ასისტ. პროფესორი და ტექნიკური პერსონალი.