ჰიდროინჟინერიის დეპარტამენტი
ისტორია
საქართველოში ინჟინერ–ჰიდროტექნიკოსების მომზადება, ჯერ კიდევ 1922 წელს დაიწყო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე, ხოლო 1931 წლიდან, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე. 1971 წელს იგი ცალკე ერთეულად – ჰიდროტექნიკის და სანტექნიკის ფაკულტეტად ჩამოყალიბდა, სამშენებლო ფაკულტეტიდან გამოყოფილი ოთხი მაპროფილებელი კათედრის ბაზაზე. ესენია: ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა,ჰიდრავლიკის და ჰიდრომანქანების,წყალმომარაგებისა და წყალარინების და თბოაირმომარაგებისა და ვენტილაციის კათედრები. ფაკულტეტის პირველი დეკანი იყო პროფესორი ივანე ამაღლობელი. სხვადასხვა წლებში ფაკულტეტს ხელმძღვანელობდნენ პროფესორები: ნიკოლოზ მოწონელიძე, თამაზ ამბროლაძე, ვაჟა ჩიხლაძე, ოთარ ფურცელაძე, ზურაბ დანელია, ლალი ღოღელიანი.
საქართველოში სამშენებლო მიმართულების საინჟინრო კადრების გამოშვება ინჟინერ–ჰიდროტექნიკოსებით დაიწყო. იმ პირველ რვა ქართველ ინჟინერს შორის,რომელთა გამოშვება მოხდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე 1928 წელს, სამი ინჟინერ–ჰიდრომშენებელი იყო. ცალკე კათედრა დაარსდა 1931 წელს. მისი პირველი გამგე ოყო ა.ჩიქოვანი.
1937 წლიდან დღემდე, კათედრას ხელმძღვანელობდნენ პროფესორები: გალაქტიონ ჯიმშელეიშვილი, ანდრო ლოსაბერიძე, ნიკოლოზ დანელია, ნიკოლოზ მოწონელიძე, ზურაბ გედენიძე, ნოდარ კოდუა.
კათედრაზე სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ისეთი გამოჩენილი სპეციალისტები, როგორებიც იყვნენ პროფესორები: ბესარიონ ჭიჭინაძე, პარმენ ჯიქია, ლევან გველესიანი, ნიკოლოზ ქართველიშვილი, გიორგი ჩოგოვაძე, ნოდარ კერესელიძე, შიო ნაფეტვარიძე, პავლე შენგელია და სხვ.
კათედრის წევრების მიერ ქართულ ენაზე დაწერილი და გამოცემულია სახელმძღვანელოები და დამხმარე სახელმძღვანელოები, თითქმის ყველა საგანში. მეცნიერული კვლევის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს: ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სიმტკიცე,მდგრადობა,სეისმომედეგობა და რაციონალური კონსტრუქციები; ჰიდროელექტროსადგურების პროექტირება,ჰიდროლოგიური და ჰიდროენერგეტიკული საკვლევ–საძიებო სამუშაოები. კათედრის არსებობის მანძილზე, თანამშრომელთა მიერ,როგორც ჩვენს ქვეყანაში,ასევე საზღვარგარეთ გამოქვეყნებულია მრავალი სამეცნიერო სტატია; კათედრის წევრები მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანიშნულების ეროვნული სამშენებლო ნორმებისა და წესების შედგენაში; მათი შრომები მოხსენებულია აშშ–ში, ბულგარეთში, კანადაში, იტალიაში, საბერძნეთში, ირანში,მალაიზიაში, შვედეთში, ტუნისში, რუსეთში, სომხეთში, ესტონეთში გამართულ კონფერენციებზე.
კათედრაზე სტაჟირებას გადიოდნენ: შვედეთის, ეგვიპტის, კანადის და აზერბაიჯანის სპეციალისტები.
ჰიდრავლიკის კათედრა ერთ–ერთი უძველესია. ის დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1927 წლის სექტემბერში და კათედრის გამგედ დაინიშნა პროფ.იური ესმანი. 1928 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოეყო პოლიტექნიკური ფაკულტეტი და ჰიდრავლიკის კათედრა თავისი შემადგენლობით გადავიდა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1933 წლის 2 დეკემბერს ჰიდრავლიკის კათედრა გადაკეთდა „ჰიდრავლიკის და ჰიდრომანქანების“ კათედრად, რომლის ხელმძღვანელობა გააგრძელა პროფ.იური ესმანმა 1940 წლამდე. 1940–42 წლებში კათედრას ხელმძღვანელობდა პროფ. გ.ვოინიჩ–სიანოჟენსკი. 1942 წელს ჰიდრავლიკის კათედრა გაერთიანდა ჰიდრონაგებობათა კათედრასთან ,რომლის გამგედ დაინიშნა პროფ. გალაქტიონ ჯიმშელეიშვილი. 1955 წლიდან–1962 წლამდე ხელმძღვანელობდა პროფ.ანდრო ლოსაბერიძე, ხოლო 1962 წლიდან, გაერთიანებული კათედრის გამგედ პროფ.ნიკოლოზ დანელია დაინიშნა.
1976 წელს ისევ გაიყო კათედრები და ჰიდრავლიკის კათედრას ეწოდა „ჰიდრავლიკისა და წყლის ენერგიის გამოყენების“ კათედრა.
1977 წლიდან 1993 წლამდე კათედრას ხელმძღვანელობდა პროფ.არკადი პაპაშვილი.
1981 წლიდან კათედრას ეწოდა“ ჰიდრავლიკისა და ჰიდრომანქანების კათედრა“,ხოლო 1997 წლიდან, მას შემდეგ რაც გამოეყო ჰიდრომანქანების კათედრას, კვლავ ეწოდა „ჰიდრავლიკის“ კათედრა,რომელსაც 1993 წლიდან ხელმძღვანელობდა პროფ. ზურაბ დანელია.
„ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა“ კათედრას 1990 წლიდან ხელმძღვანელობდა, პროფ.ზურაბ გედენიძე, 1998 წლიდან კი,პროფ.ნოდარ კოდუა.
ჰიდრავლიკის კათედრის არსებობის მანძილზე, დამუშავებული და წარმოებაში ფართოდ დანერგილია სამდინარო წყალამღები ნაგებობების სრულყოფილი ტიპები და მათი ტექნიკური ექსპლუატაციის რაციონალური ჰიდრავლიკური სქემები; მდინარეებში კალაპოტშიგა პროცესების მიმდინარეობის პრობლემის ხაზით; გადაწყვეტილია კაშხლური წყალამღების ბიეფების ფორმირების, კალაპოტის საერთო და ადგილობრივი ეროზიის, ნაპირდაცვისა და კალაპოტის რეგულირების, ნაკადების მდგრადობის და მდგრადი ნაკადების მოდელირების საკითხები; შემუშავებულია კოლხეთის დაბლობის რეგიონებიდან ზედაპირული წყლების დაჩქარებული არინების გაანგარიშების მეთოდიკა. დამუშავებულია სხვადასხვა სიმკვრივის ნაკადების ჰიდრავლიკის ამოცანები ჰიდროტექნიკური მშენებლობისათვის და სხვ.
„ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა“ კათედრაზე, პროფ.ნიკოლოზ მოწონელიძის მიერ, დამუშავებული იქნა კონტრფორსული კაშხლების სიმტკიცეზე და სეისმომედეგობაზე გაანგარიშების მეთოდები, რომლებიც წარმატებით იქნა გამოყენებული ანდიჟანის, კიროვის და სხვა მაღალდაწნევიანი კაშხლების პროექტირებისას. დამუშავებული იქნა ბეტონის გრავიტაციული, თაღოვანი და გრუნტის კაშხლების, ასევე მიწისქვეშა ნაგებობების სიმტკიცეზე და მდგრადობაზე გაანგარიშების მეთოდები, დატვირთვების სტატიკური და სეისმური ზემოქმედებისას.
კათედრაზე ფუნქციონირებდა საკონსტრუქტორო ბიურო, სადაც დამუშავდა ახალციხის ჰიდროკვანძის საპროექტო ვარიანტი. დმანისის, კახარეთის, დურიფშის და სხვა მცირე ჰესების სარეაბილიტაციო პროექტები.
2005 წლის ოქტომბრიდან, ოთხივე კათედრა, კვლავ შეუერთდა სამშენებლო ფაკულტეტს.
2013 წელს, ჰიდროინჟინერიის დეპარტამენტს გამოეყო მასში შემავალი ორი მიმართულება – წყალმომარაგება,წყალარინება,წყლის რესურსების რაციონალური გამოყენება და დაცვა(N44) და თბოაირმომარაგება და ვენტილაცია (N68),რომლებმაც შექმნეს დამოუკიდებელი დეპარტამენტი. ასევე დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბდა ჰიდროინჟინერიის დეპარტამენტი N104.
ჰიდროინჟინერიის დეპარტამენტს 2005 წლიდან 2016 წლის სექტემბრამდე, ხელმძღვანელობდა პროფ.ლალი ღოღელიანი. მისი თაოსნობით იქნა შეძენილი ჰიდრავლიკის ვირტუალური ლაბორატორიის პროგრამა და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა ვირტუალური ლაბორატორია.
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციისთვის ჩამოყალიბდა „ჰიდროინჟინერიის“ სამუშაო სექცია.
დეპარტამენტში ფუნქციონირებს ტექნიკური ბიბლიოთეკა.
2016 წლის სექტემბრიდან, დეპარტამენტს სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა და ენერგიული მეცნიერი, პროფ. მირიან ყალაბეგიშვილი. პროფესორი ყალაბეგიშვილი წარმატებით უთავსებს ერთმანეთს სტუდენტებთან მუშაობას, დეპარტამენტის ხელმძღვანელობას და მონაწილეობას ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებსა და ფორუმებში.
მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში, გაიმართა მსოფლიოს მშენებელ ინჟინერთა საბჭოს (WCCE) მე-12 გენერალური ასამბლეა, სადაც მიწვეული იყო ,,ევროპის მშენებელ ინჟინერთა საბჭოს”(ECCE) ბორდის წევრი, ,,საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების”(GSCE) პრეზიდენტი იური სვანიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროსაინჟინრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მირიან ყალაბეგიშვილი და ,,სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის-საქართველოს“ დეკანი კენ ვოლში.
Top of Form
დეპარტამენტში საბაკალავრო პროგრამაზე დამტკიცებულია: სამი პროგრამული მოდული:
1) სამდინარო ნაგებობების ჰიდროტექნიკური მშენებლობა;
2)ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა და მართვა;
3)საზღვაო ნავსადგურებისა და კონტინენტალური შელფის ნაგებობების მშენებლობა.
სამი სამაგისტრო თემატიკა:
1)ჰიდროელექტროსადგურების ჰიდროტექნიკური მშენებლობა;
2)სამდინარო ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობა;
3)საზღვაო ნაგებობების მშენებლობა.
დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები საბაკალავრო პროგრამაზე კითხულობენ ლექციებს ზოგად საგნებში, რომლებიც ეკითხებათ როგორც სამშენებლო, ასევე სატრანსპორტო და ენერგეტიკის ფაკულტეტების სტუდენტებს.
ასევე მიმდინარეობს სადოქტორო სწავლება, პროგრამით ,,ჰიდროინჟინერია“.
ბოლო ათ წელიწადში დეპარტამენტში დაცულია 8 სადოქტორო დისერტაცია. პროფესორ–მასწავლებლებს მონაწილეობა აქვთ მიღებული 68 საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციაში; გამოქვეყნებულია 400–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი; დაიბეჭდა 14 სახელმძღვანელო და 7 მონოგრაფია.
ჰიდროინჟინერიის დეპარტამენტს ჰყავს მაღალკვალიფიციურ პედაგოგთა გუნდი: 3 მეცნიერებათა დოქტორი, 11 მეცნიერებათა კანდიდატი, 2 აკადემიური დოქტორი, 5 ემერიტუს–პროფესორი და 4 ტექნიკური თანამშრომელი.
2015 –2017 წ.წ. დეპარტამენტის ხუთ ღვაწლმოსილ პროფესორს: ლალი ღოღელიანს, ნოდარ კოდუას, არჩილ მოწონელიძეს, შალვა გაგოშიძეს, ზურაბ დანელიას, მიენიჭათ ემერიტუს-პროფესორის სტატუსი. მიუხედავად სტატუსისა, აქტიურად არიან ჩაბმული სამეცნიერო–კვლევით და დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობაში, ასრულებენ მათთვის გათვალისწინებულ საათობრივ დატვირთვას.
დეპარტამენტის თანამშრომლები, აქტიურად არიან ჩართულნი მიმდინარე სამეცნიერო კვლევებში, საქართველოში ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა და ჰესების პროექტირებაში, არსებული ჰიდროკვანძების (მათ შორის ენგურჰესისა და ჟინვალჰესის) სამონიტორინგო კონტროლისა და საიმედოობის შეფასებაში. მოპოვებული იქნა სამეცნიერო გრანტები, სადაც დამუშავებული იქნა – საზღვაო საპორტო რეგიონებში გარემოსდაცვითი, სანაპირო არეების ჰიდროდინამიკის, აგრეთვე ენგურჰესის კაშხლის მუშაობის დიაგნოსტიკის პრობლემები.
მთლიანობაში, დეპარტამენტი წარმოადგენს სამეცნიერო ერთეულს, რომელსაც მიჰყავს სამეცნიერო და სასწავლო პროცესი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.