26-29 მარტი 2019-04-16T18:14:41+04:00

წყალმომარაგებისა და წყალარინების ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები სამხრეთ კავკასიაში

     საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, წყლის რესურსების დაცვის კვირეულის ფარგლებში, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი გაიხსნა, სახელწოდებით – „წყალმომარაგებისა და წყალარინების ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები სამხრეთ კავკასიაში“. სემინარი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და პოლონეთის ბელოსტოკის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ეფუძნება და მიზნად ისახავს ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას საერთაშორისო დონეზე.

     სემინარის ორგანიზატორები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი – აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, ბელოსტოკის უნივერსიტეტის რექტორი – პროფ. ლეხ დზიენისი, ბელორუსიის სახელმწიფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორი – პროფ. იგორ ვოიტოვი და  სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი – პროფ. დავით გურგენიძე. სემინარში მონაწილეობა მიიღეს პოლონეთის, უკრაინის, გერმანიისა და სხვა ევროპული ქვეყნების უნივერსიტეტების მეცნიერებმა.

     სამეცნიერო სემინარის გახსნას დაესწრო და მონაწილეებს მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი მწვანე ეკონომიკა და, ზოგადად, მწვანე პოლიტიკაა. „ვფიქრობ, სწორედ მწვანე ეკონომიკა, სადაც წყლის რესურსების ეფექტურ მართვას წამყვანი როლი ექნება, არის ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ საქართველო იყოს ეკონომიკურად წარმატებული ქვეყანა. ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას ორი პრიორიტეტი აქვს. პირველი – ყველაზე დიდი სიმდიდრე რაც გვაქვს, არის ჩვენი საზოგადოება და მეორე – ჩვენი ბუნება. პირველ საკითხზე ჩვენ რამდენიმე კვირის წინ უმნიშვნელოვანესი ინიციატივა დავაანონსეთ, რომელიც ჩემი შეფასებით არის ეროვნული იდეა.  ჩვენ, როგორც სახელმწიფომ, ჩვენი ეკონომიკის 6%, ანუ ბიუჯეტის 25% ყოველწლიურად უნდა დავხარჯოთ სწორედ განათლებაზე და ადამიანურ კაპიტალზე. მეორე სიმდიდრე ჩვენი ბუნებაა, სადაც წყლის რესურსებს გამორჩეული როლი ენიჭება. სწორედ ამ ორი პრიორიტეტის განვითარებით, დარწმუნებული ვარ, საქართველო ჩადგება განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიგში და დაძლევს ყველა გამოწვევას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის განცხადებით, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ სემინარს არა მხოლოდ მეცნიერები, არამედ კერძო სექტორის სპეციალისტებიც ესწრებიან.

     „გვსტუმრობენ სერიოზული დელეგაციები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც დაკავებულნი არიან ახალი ტექნოლოგიების დანერგვით წყალმომარაგებისა და წყალარინების დარგში. ეს მიმართულება საქართველოში განვითარების პროცესშია  და მთლიან გადაიარაღებას საჭიროებს. ახალი ე.წ. სმარტტექნოლოგიები ფეხს იდგამს მსოფლიოში და დროულია საქართველოშიც გავეცნოთ მათ და შევეცადოთ, პრაქტიკაში განვახორციელოთ. მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხებია გამოტანილი სემინარზე, ისეთი, როგორიცაა ტრანსსასაზღვრო წყლების რესურსების მართვა, ხარისხის კონტროლი, მენეჯმენტის საკითხები.  ამიტომ, ეს არ არის უბრალოდ სემინარი, ეს პრაქტიკული კუთხით შეხვედრაა“, – აღნიშნა არჩილ ფრანგიშვილმა.

     საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის – დავით გურგენიძის თქმით,  წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ სამეცნიერო-პრაქტიკულ სემინარში მონაწილეობენ ისეთი მაღალი რანგის მეცნიერები, როგორიც არიან ბელოსტოკის უნივერსიტეტისა და მინსკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორები, ასევე, მკვლევარები სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებიდან.

     „სემინარის სამუშაო სესიებზე განვიხილავთ ისეთ სამეცნიერო-პრაქტიკულ თემებს, რაც მრავალმხრივ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ეს თემებია: გარემოს ეკოლოგია და წყლის რესურსები, ინოვაციური ტექნოლოგიები წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების პროექტირებასა და მშენებლობაში, ჩამდინარე წყლების გაწმენდა და ნარჩენების უტილიზაცია და სხვა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მრავალ საერთშორისო უნივერსიტეტთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულება და ურთიეთთანამშრომლობის მემორანდუმი, როგორც პრაქტიკულ საქმიანობასა და გაცვლითი პროგრამების, ასევე სემინარებისა და ვორქშოფების ჩატარების თაობაზე. მათ შორისაა პოლონეთის ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიც, სადაც გაცვლითი პროგრამით, უახლოეს მომავალში, სამშენებლო ფაკულტეტის ათი სტუდენტი – მაგისტრანტები და დოქტორანტები გაემგზავრებიან, ათი პოლონელი სტუდენტი კი ჩვენს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩამოვა პრაქტიკის გასავლელად“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

     საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი – „წყალმომარაგებისა და წყალარინების ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები სამხრეთ კავკასიაში“ ხუთ სამუშაო სესიად არის გაშლილი. სემინარი მუშაობას 29 მარტს დაასრულებს.

გამოხმაურებები